დარვინსა და დოსტოევსკის შორის

0

ქრისტოფერ ჰაუელი Christopher Howell

თეოდოსიოს დობჟანსკიმ (1900-1975), ახალგაზრდობისა და რუსეთის რევოლუციის ქარტეხილების ჟამს, „უეცრადრაღაც საჭიროება იგრძნო, რომ ცხოვრების არსს ჩაწვდომოდა… სისხლიანი არეულობის დროს“, მაგრამ, ამავე დროს იგი გაჩხერილი იყო ორ პოლუსს შორის, რომლებიც თავისკენ ექაჩებოდნენ, შესაბამისად მეცნიერებისა და რელიგიისკენ. მას უყვარდა დარვინი და დოსტოევსკი. დობჟანსკიმ სიკვდილის წინ დაწერა: „სულიერ აღმაფრენას, რომელიც დარვინისა და სხვა ევოლუციონისტების შრომებისგან მოდიოდა, უპირისპირდებოდა დოსტოევსკის თხზულებებიდან წაკითხული“ (დობჟანსკი, „ბიოლოგიის მთავარი საზრუნავი“, 1967, 1). ამ დაძაბულობის განეიტრალება მისი კარიერის მამოძრავებელი ძალა იყო. შემდგომ ათწლეულებში, როდესაც ამერიკაში გაემგზავრა (მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირში „არასასურველი პიროვნება“ გახდა) ის, ერთი საინტერესო ნაშრომით,  მეოცე საუკუნის ერთ-ერთ გამოჩენილ ბიოლოგად ჩამოყალიბდა, რომელიც გამოირჩეოდა არა მხოლოდ წინააღმდეგობებით, არამედ სინთეზის ძიებითაც. არსებობს სამი სინთეზი, რომლებიც, გაკვეთილების მსგავსად, გამოირჩევიან, შესაბამისად: I- ბუნებრივი სელექციისა და გენეტიკის; II- დემოკრატიისა და პოლიტიკის; III- რელიგიისა და მეცნიერების. ამ სტატიაში მინდა მიმოვიხილო ის ფორმა, რომლითაც აღმოსავლურმა მართლმადიდებლობამ იქონია გავლენა დობჟანსკის კვლევაზე, და ასევე მისი წვლილი ბიოლოგიის ევოლუციის ისტორიაში.

თეოდოსიოს დობჟანსკის უჩვეულო სახელი მისი დედის ლოცვებიდან იყო ნაკარნახევი. როგორც მისი ქალიშვილი სოფია იხსენებს, „მისი მამის მშობლები დიდხანს უშვილოდ იყვნენ და ცდილობდნენ ამ მდგომარეობის გამოსწორებას ლოცვისა და პილიგრიმული გზით“ (ს. დ. ქოუ, „თეოდოსიოს დობჟანსკი: ოჯახის ისტორია“, 1994, 13). ლოცვებმა მეუღლეები წმინდა თეოდოსიოს ჩერნიგოველის საფლავთან მიიყვანა; დედა მალევე დაორსულდა და ბავშვსაც წმინდანის სახელი უწოდეს. ამგვარად, დაბადებიდანვე დობჟანსკი ქრისტიანული მართლმადიდებლური ტრადიციის მიმდევარი გახდა. ის წარმოდგებოდა სასულიერო პირების ოჯახიდან დედის მხრით (რასაც ძალიან აფასებდა) და მისი დოსტოევსკისადმი სიყვარული ესთეტური გრძნობიდან კი არ მომდინარეობდა, არამედ გენეტიკურიდან, რადგან ცნობილი მწერალიც მისი წინაპარი იყო დედის მხრიდან.

ამერიკაში, სადაც 1927 წლიდან ცხოვრობდა, მისმა ექსცენტრულობამ იგი დაუვიწყარი გახადა. მისი კოლეგები განცვიფრებულები იყვნენ იმ ნიჭით, რომელიც მას ენებისადმი ჰქონდა (წერდა უზადოდ ინგლისურად, მიუხედავად იმისა, რომ ეს ენა ზრდასრულ ასაკში ისწავლა). საუბრობდა „უჩვეულო… მკვეთრი და ნაწყვეტ-ნაწყვეტი  აქცენტით“ (ე. ბ. ფორდი, „ბიოგრაფიული მემუარები“, 60). ერთი მეცნიერი, რომელიც მას თან ახლდა ერთ ადგილობრივ მოგზაურობაში, დობჟანსკის აღწერს, როგორც „მგზნებარე და ბუტია ადამიანად, რომელსაც ღრმა ინტერესი ჰქონდა ხელოვნებისადმი“ და მას ადარებს ვლადიმერ ნაბოკოვის ტიმოფეი პნინს (შედარება – ნაბოკოვი ყურადღებით მიყვებოდა დობჟანსკის სამეცნიერო მოღვაწეობას, ხოლო ორივე მათგანი ერთმანეთს 1954 მიმოწერებით დაუკავშირდა). როგორც პნინი, დობჟანსკიც „გარეული იყო ტრაგი-კომიკურ ჩხუბში კოლეგებთან და სახელმწიფო მოხელეებთან, რის გამოც დატოვა ნიუ იორკი და გადაბარგდა დასავლეთში“. დობჟანსკიმ მოახერხა კალიფორნიაში დამკვიდრება და იქიდან შეიტანა წვლილი მეცნიერებაში, თუმცა პარალელურად თავის საყვარელ გატაცებებსაც არ ღალატობდა – მთამსვლელობას ნევადაში და ცხენოსნობას პასადენაში.

ერთ-ერთი ცხენოსნობისას დობჟანსკიმ მუხლი დაიზიანა და იძულებული გახდა მწოლიარე ყოფილიყო. თუმცა მან ეს მდგომარეობაც ნაყოფიერად გამოიყენა და დაწერა თავისი მნიშვნელოვანი ნაშრომი „სახეობათა გენეტიკა და წარმოშობა“ (1937). ეს კვლევა დიდი მნიშვნელობისა იყო, რომელმაც შექმნა წინაპირობები ევოლუციის „თანამედროვე სინთეზისათვის“, მაგრამ დღეს, ოთხმოცი წლის შემდეგ, ამ ნაშრომის მნიშვნელობა მივიწყებულია, იმ ფონზე, როცა მივიწყების გზაზე მყოფი დარვინიზმი დღის შუქზე გარკვეულწილად სწორედ დობჟანსკის ნაშრომის წყალობით გამოვიდა. XX საუკუნის დასაწყისში ევოლუციური ბიოლოგია კრიზისში იმყოფებოდა, რადგან გენეტიკის ახალგაზრდა მეცნიერება ევოლუციისა და ბუნებით შერჩევასთან (დარვინის მთავარ წვლილთან) მიმართებით შეუთავსებლად გამოიყურებოდა.  დარვინმა არ იცოდა მემკვიდრეობის გადაცემის მექანიზმი; ის მანამდე გარდაიცვალა, სანამ 1900 წელს ხელახლა არ გაიხსნა გრეგოლ მენდელის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტები მცენარეებზე და კონკრეტულად ბარდაზე. უილიამ ბეიტსონმა, რომელმაც გამოიგონა ტერმინი „გენომი“ და აღმოაჩინა გრეგოლ მენდელის იდეა, სახალხოდ გამოხატა ეჭვი გენეტიკისა და ბუნებრივი გადარჩევის „თანამშრომლობის“ მიმართ. მსგავსი სკეპტიციზმი გამოხატა ცნობილმა გენეტიკოსმა თომას ჰანთ მორგანმაც, თუმცა შედარებით უფრო შემრიგებლური პოზიცია დაიკავა, როცა დობჟანსკი კოლუმბიის უნივერსიტეტის ლაბორატორიის მეცნიერ მუშაკი გახდა. ჯულიან ჰაქსლის თქმით, ეს პერიოდი ცნობილია „დარვინიზმის დაბნელების“ პერიოდად, როცა დარვინის ბუნებრივი გადარჩევის თეორია ძალას კარგავდა და მრავალი მეცნიერი უპირატესობას კონკურენტუნარიან ნეო-ლამარკისტულ თეორიებს აძლევდა, მაგ. ორთოგენეზს.

დარვინი აშკარად აგებდა, მაგრამ თამაშიდან არ გასულა. მოგვიანებით, პოპულაციის გენეტიკის სპეციალისტებმა – ჯ. ბ. ს. ჰოლდეინმა, რ. ა. ფიშერმა და სიუელ რაითმა შექმნეს პოპულაციის გენეტიკის მათემატიკური თეორია, ხოლო დობჟანსკის ნაშრომმა „გენეტიკა და სახეობების წარმოშობა“ (ერნსტ მაირისა და ლედიარდ სტებინსის ნაშრომებთან ერთად) შეძლო შეექმნა საფუძველი თანამედროვე სინთეზისათვის, რაც არის ბუნებრივ გადარჩევასა და გენეტიკას შორის დიდი ხნის ნანატრი ქორწინება. ჯულიან ჰაქსლი თავის ნაშრომში „თანამედროვე სინთეზი“ წერდა, რომ „დარვინიზმის გარდაცვალება გამოცხადებული იყო არა მხოლოდ ტრიბუნიდან, არამედ ბიოლოგიური ლაბორატორიიდანაც, მაგრამ, როგორც მარკ ტვენის შემთხვევაში, ეს ცნობა, როგორც ჩანს გადამეტებული იყო, რადგან ჩვენს დროშიც დარვინიზმი ძალიანაც ცოცხალია“ (ჯ. ჰაქსლი „თანამედროვე სინთეზი“ 1942, 22). ყველაფერ ამაში დობჟანსკიმ დიდი სინთეზატორის როლი ითამაშა: მან პოპულაციის გენეტიკის რთული მათემატიკა გადაიტანა ადვილად წასაკითხ ენაზე. როგორც პიტერ ბოულერი წერს, დობჟანსკიმ „მიანიშნა სრული სინთეზისაკენ, წარმოადგინა რა მათემატიკური დასკვნები ისეთი ფორმით, რომელიც შეეძლოთ გამოეყენებინათ სხვა მეცნიერებსაც“ (ჯ. ბოულერი „ევოლუცია“, 2009, 336). ბუნებრივი გადარჩევისა და გენეტიკის შეთანხმებით), რაც თავის მხრივ ეპოქალური მიღწევა იქნებოდა, დობჟანსკი იმავდროულად დაეხმარა განცალკავებული სამეცნიერო ექსპერიმენტული ლაბორატორიული კვლევებისა და საველე კვლევების გაერთიანებას. გარლანდ ალლენის მიხედვით, გენეტიკასთან ერთად, „ლაბორატორიული და საველე  ზოგადი ხასიათის ნატურმკვლევართა ტრადიციების შერწყმა… რჩება დობჟანსკის მემკვიდრეობის ყველაზე ღრმა და მტკიცე ასპექტად“ (გ. ალლენი, „თეოდოსიოს დობჟანსკი, მორგანის ლაბორატორია და განყოფის დასასრული ბუნებისმეტყველსა და ექსპერიმენტატორს შორის“ ადამსი 1994, 87).  

ისტორიული და ბიოგრაფიული კითხვაა: მაინცდამაინც დობჟანსკიმ რატომ უხელმძღვანელა ამ სინთეზს? სულ ცოტა ხნის წინ, როდესაც წერდნენ დობჟანსკისა და მის ნაშრომებზე, ის, როგორც წესი გამოყავდათ როგორც ამერიკელი; მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ის ამერიკის მოქალაქე გახდა, მისი უკეთ გაგებისათვის (როგორც ამას რიჩარდ ბურიანი ამტკიცებს), საჭიროა მისი აზროვნების როგორც რუსული, ისე ამერიკული ასპექტების სინთეზი. ეს მხოლოდ რუსულ სამეცნიერო ტრადიციას არ გულისხმობს (მაგ. დობჟანსკი ვალშია იური ფილიპჩენკოსა და სერგეი ჩეტვერიკოვთან), არამედ რელიგიურ და ფილოსოფიურ ტრადიციასაც (რ. მ. ბურიანი, „დობჟანსკი ევოლუციურ დინამიკაზე: რამდენიმე საკითხი მისი რუსული სათავეების შესახებ“ ადამსი 1994, 138). დოსტოევსკიც და ტოლსტოიც მნიშვნელოვანია, მაგრამ უპირატესი მნიშვნელობა ვლადიმერ სოლოვიოვს აქვს. სოლოვიოვი ხელს უწყობდა რუსეთში დარვინის იდეის გავრცელებას (სადაც არადარვინისტული ევოლუცია ნაკლებად პოპულარული იყო, ვიდრე ამერიკაში), და მან დაარწმუნა დობჟანსკი ევოლუციის ისტორიის მნიშვნელობის პროგრესსა და განვითარებაში. ეს იყო დარწმუნება, რომელიც დაეხმარა მას გარკვეულიყო ბუნებრივი გადარჩევასა და გენეტიკას შორის არსებულ ბუნდოვნებაში და რამაც მას დაანახა ბუნებრივი გადარჩევის ევოლუცია, როგორც წარმმართველი და არა წარმართული რამ (ორთოგენეზის საოირისპიროდ, რომელიც ევოლუციას დეტერმინისტულად განიხილავდა). [ვან დერ მეერი, „თეოდოსიოს დობჟანსკი, მეოცე საუკუნის რელიგიის გამოჩენილი მკვლევარები, 2019, 112].

ფილოსოფოსი მაიკლ რიუზი ამტკიცებს, რომ, ბოლო-ბოლო, სწორედ დობჟანსკის რელიგიურმა მსოფმხედველობამ, რომელიც მან სოლოვიოვის გავლენით შეიძინა, განსაზღვრა მისი სამეცნიერო შეხედულებები, ისეთები, როგორიცაა ნდობა ევოლუციური პროგრესისადმი და მტრული დამოკიდებულება დეტერმინიზმისადმი (მ. რიუზი, „დობჟანსკი და პროგრესის პრობლემა“, ადამსი 1994, 239-240). დობჟანსკის ბოროტების თემა აწუხებდა, და მას სჯეროდა, რომ დარვინის თეორია უშვებდა ნების თავისუფლებას, რაც შემოქმედს აცილებს პასუხისმგებლობას გადაშენების გამო. დობჟანსკი წერდა: „წინასწარგანსაზღვრული ევოლუცია შუბლით ეჯახება ბოროტების არსებობის გარდაუვალ ფაქტს… ჩვენ სამყაროს ევოლუცია უნდა მივიჩნიოთ თავისუფლების თანდათანობით გამოჩენის ბრძოლად“. დარვინის თეორია მიანიშნებს იმაზე, რომ „ცოცხალი სამყაროს ისტორია ტყუილად არ დაკარგულა“ (დობჟანსკი, „მთავარი საზრუნავი“, 25, 120). როგორც ბოულერს მიაჩნია, დობჟანსკის სურვილი უმაღლესი ანთროპოლოგიისა და თავისუფალი ნების დაცვისათვის, სწორედ მისი მართლმადიდებლური ფესვებიდან მოდის (ბოულერი 345).

მაგრამ ეს გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ფესვები; დობჟანსკის რელიგიური შეხედულებები ექსცენტრიკული იყო, მაგრამ რეალური. როგორც ჯიტსე ჰყვება ვან დერ მეერის ქრონიკებში, ის ცდილობდა ყოველდღე ელოცა და ასევე იყენებდა დოსტოევსკის, რათა ღმერთთან დაეახლოვებინა თავისი კოლეგები (ვან დერ მეერი 111). კოსტას კრიმბასი იხსენებს, რომ დობჟანსკი დაჟინებით თხოვდა ყველას ათონის მთის მოლოცვას, რომ ზიარებულიყვნენ, მაგრამ თავს არიდებდა ახსნას, თუ რატომ; ის ამბობდა, რომ ეს მას საკუთარ ბავშვობას ახსენებდა, მაგრამ კრიმბასი მიიჩნევდა, რომ ეს არ იყო ნამდვილი მიზეზი (ს. ბ. კრიმბასი „თეოდოსიოს დობჟანსკის ევოლუციური მსოფმხედველობა“, ადამსი 1994, 188). ამრიგად, ყველაფერ ამაში დაიკარგა მნიშვნელოვანი ფაქტი: თანამედროვე ევოლუციური ბიოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საკუთარ თავს მართლმადიდებელ ქრისტიანს უწოდებდა. მისი რელიგიური შეხედულებები არ იყო შემოსაზღვრული მეცნიერებით; ისინი უფრო, სინთეზის სხვა ცდებისკენ მიუძღოდნენ – ცდებისკენ დემოკრატიის დაცვისათვის და რელიგიასა და მეცნიერებას შორის შეხების წერტილის პოვნისათვის.


ქრისტოფერ ჰაუელმა (Christopher Howell) სადოქტორო ნაშრომი რელიგიის მიმართულებით დაიცვა (Duke University).