აღდგომა ჩვენს შორის: იოანეს სახარების 20. 19-20 განმარტება
მამა ხარლამპი ლიბიოს პაპადოპულოსი
სტატია თავდაპირველად ბერძნულ ენაზე გამოქვეყნდა ვოლოსის საღვთისმეტყველო აკადემიის ბლოგზე სახელწოდებით-πολυμερώς και πολυτρόπως. ტექსტის ბერძნული ვარიანტი იხ. ლინკზე.

სახარების ტექსტებში, თავის მოწაფეებთან, ქრისტეს თერთმეტი აღდგომისშემდგომი გამოცხადებაა აღწერილი, და ყველა ერთი მიზნისთვის – დაეხმაროს მათ (მოწაფეებს) აღდგომის ნამდვილობის დაჯერებაში. ქრისტეს ამ მცდელობის გაგებას თავისი აზრი აქვს, რადგან მკვდრეთით აღდგომა არაა ინტელექტუალური მიმღებლობის საქმე. აღდგომა ვერ გაიგება გონებით, მის შესახებ სულიწმიდის მიერ ეუწყებათ მათ, ვინც გულწრფელად ეძიებს ქრისტეს.
ამასთანავე, არ არის შემთხვევითი, რომ თანამედროვე ადამიანები, მიუხედავად იმისა, რომ იღებენ ქრისტეს სწავლების ფასეულობასა და მნიშვნელობას, მკვდრეთით აღდგომის დაჯერება უჭირთ. თუკი მისი მოწაფეებისთვის, რომლებიც ცხოვრობდნენ მასთან ერთად, ისმენდნენ მის საღვთო სწავლებებსა და ხედავდნენ მის მიერ აღსრულებულ სასწაულებს, საკმაოდ რთული იყო აღდგომის დაჯერება (ლკ. 24.11; მათ. 28.17), ადვილი წარმოსადგენია რაოდენ ძნელია ის ჩვენთვის, თანამედროვე მორწმუნეებისათვის, რომელთა რწმენაც ძლიერი და მტკიცე კი არა, არამედ სულაც გაბზარულია. მაგრამ, რწმენა ადამიანური ენერგია არაა, არამედ სულიწმიდის საჩუქარი და ღმერთის გამოცხადება ადამიანში.
მაშასადამე, ქრისტეს აღდგომა, რომელიც ქრისტიანული სარწმუნოებისა და ეკლესიის ფუნდამენტია („უკუეთუ ქრისტე ქრისტე არა აღდგომილ არს, ამაო არს სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი.“ 1 კორ. 15.17), აზროვნებითი და ინტელექტუალური მიმღებლობის შედეგი (რეზულტატი) კი არა, არამედ სულიწმიდის საჩუქარია. ადამიანს იმიტომ კი არ სწამს, რომ სარწმუნოების სიმბოლოს (როგორც აზრობრივი სქემების იდეოლოგიური განაცხადის) საჯაროდ წარმოთქმა, ისწავლა, არამედ იმიტომ, რომ სულიწმიდის მადლმა მისი ცხოვრება თავისუფლებისა და მადლისეული ცხოვრებისაკენ წარმართა, რაც ადამიანურ საზღვრებს ცდება.
რწმენა ადამიანთა გულებში ღმერთის გამოცხადებაა (იგი წილმქონეობისა და თავისუფლების საქმეა, მაგრამ სულიწმიდის გარეშე სრულყოფილი არცერთ შემთხვევაში არაა), რაც ცხადად საჭიროებს ადამიანურ სინერგიასა და თანხმობას. ცხონებას ვერ მოიპოვებ, ის ღმერთის საჩუქარია. როდის მიხვდნენ მოწაფეები, რომ მათ წინაშე მდგომი ადამიანი მათივე უფალი იყო? როდესაც ქრისტემ წერილის განმარტება დაიწყო და განტეხა პური; ანუ ღმერთის სიტყვის განმარტებისას და პურის განტეხვისას; საღვთო ევქარისტიისას. ეს ფაქტი ადასტურებს ჩვენს პოზიციას, რომ აღდგომისადმი რწმენა არის სულიწმიდის საჩუქარი და არა ჩვენი მონაპოვარი.
ღირს შევჩერდეთ ქრისტეს აღდგომის შემდგომ გამოცხადებებზე მის მოწაფეებთან, რომელიც აღწერილია იოანეს სახარებაში (20.19-20) და გავაკეთოთ მნიშვნელოვანი და საჭირო დასკვნები: „და ვითარცა შემწუხრდა დღე იგი ერთშაბათისაჲ მის, და კარნი იგი დაჴშულ იყვნეს, სადა-იგი იყვნეს მოწაფენი შეკრებულ შიშისათვის ჰურიათაჲსა, მოვიდა იესუ და დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: „მშჳდობაჲ თქუენ თანა!“ და როდესაც ეს უთხრა, უჩვენა მათ თავის ხელები და გვერდი. მოწაფეებმა განიხარეს თავისი უფლის ნახვით.
დავიწყოთ შეშინებული მოწაფეების ეპიზოდით. ისინი გარკვეული ტრავმის ქვეშ არიან, რადგან მათი მასწავლებელი გარდაცვლილია. ის, ვისიც სწამდათ და ვისთვისაც ყველაფერი დაუტევეს და გაჰყვნენ მას, ცოცხალი აღარაა, მოკვდა და მეტად სასირცხვილო და საშინელი ფორმით. ყველაფერი დამთავრდა. შიში დაჰპატრონებია მოწაფეების არსებობას და ისინიც, შეშინებულნი შეპყრობისა და დასჯის გამო, სხვადასხვა სახლებში იმალებიან. და ზუსტად იმ სახლში, სადაც შიშისაგან იმალებოდნენ მოწაფეები, ეცხადებათ ქრისტე. ხვდება მათ იქ, სადაც იმყოფებიან, რეალურ ვითარებაში და არა სხვა არარეალურ, წარმოსახვით გარემოში, რადგან ღმერთი ჩვენ გვხვდება ჩვენსავე რეალობასა და ჭეშმარიტებაში რაოდენ საშინელი და შემზარავიც არ უნდა იყოს ის. ის, რაც დაიგმობა და უარიყოფება არ არის ჩვენი შეცდომა და ცოდვა, არამედ ჩვენი ტყუილი და პატივმოყვარეობა, და განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ყველაფერი სარწმუნოებრივი საფარველით ინიღბება.
ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურობა, თავისი სიხარულითა და მწუხარებებით, წარმატებებითა თუ დამარცხებებით, არის ის ერთადერთი ადგილი, სადაც შემოდის ღმერთი, რათა ჩვენ შეგვხვდეს. ამიტომაა მნიშვნელოვანი გავაცნობიეროთ, რომ ღმერთს ჩვენი ცოდვები კი არ აძრწუნებს, არამედ ჩვენი სათნოებების გამო არსებული პატივმოყვარეობა, როდესაც რეალობისგან განსხვავებულად გამოჩენა გვსურს. ცნობილი ამერიკელი თეოლოგი სტანლი ჰაუერვასი (Stanley Hauerwas) თავის წიგნში Prayers Plainly Spoken წერს, რომ არ შეუძლია ილოცოს სხვა რამ ფორმითა და სიტყვებით, გარდა იმ ფორმისა და სიტყვებისა, რითაც ყოველდღიურად ცხოვრობს, რადგან სხვაგვარად ყველაფერი ყალბი იქნება. როგორ შეიძლება ვინმე ჭეშმარიტს მიეახლოს, როცა თავად თავს წარმოაჩენს ისეთად, როგორიც არაა? კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ღმერთი ჩვენგან არ ითხოვს ვიყოთ ის, რაც არ ვართ, არამედ მას სურს მივიღოთ და ვაღიაროთ ის, რაც რეალურად ვართ. ღმერთი პიროვნებაა და ჩვენც, მხოლოდ, როგორც პიროვნებებს შეგვიძლია მასთან ურთიერთობა. რაც უფრო გულწრფელნი ვართ ჩვენს რეალურ მყოფობაში( ანუ ვართ ისინი, რაც რეალურად ვართ), მით უფრო იზრდება შანსი მასთან ამ ამაღელვებელი შეხვედრისა. ჩვენი სიმართლის სიშიშვლე ის ერთადერთი სამოსია, რომელიც შეგვიძლია ღმერთის წინაშე გვემოსოს. ქრისტე ჩვენი ცხოვრების შუაღამეს მოდის და ითხოვს ჩვენივე უმეცრებისა და სიბნელის განათლებას მისი აღდგომის დაუღამებელი (წარუვალი) ნათლით.
არის კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომ დგას აღდგომილი ქრისტე თავის მოწაფეებს შორის. რადგან ამგვარად მას სურს, რომ აღდგომის გამოცდილება ყველამ განიცადოს; იხილონ და შეიგრძნონ, რომ ეს ჭეშმარიტი მოვლენაა. იესო არ იმალება, არამედ მათ დაუფარავად ეჩვენება. ეს ესქატოლოგიური ეპიზოდია და ქრისტეა ის, ვინც ღვთის გაბნეულ ერს შემოიკრებს. იგია ის, ვინც აერთიანებს დაყოფილ ადამიანურობასა და მთელ შესაქმეს. მის პიროვნებაში ერთიანდება ყველა და ყველაფერი. მაშასადამე, ქრისტე დგას მის მოწაფეებს შორის, რათა ამ გზით მათ ისეთი ერთობისაკენ მოუწოდოს, რომელსაც არავინ დააკლდება. ყველანი შევუერთდებით ქრისტეს აღდგომილ სხეულს, არავინ დარჩება ამ ერთობის გარეთ, რადგან ქრისტე არის მთელი შესაქმის არქეტიპი, შინაარსი და შემოკრება.
ღირს ასევე აღვნიშნოთ, რომ ეს შეშინებული მოწაფეები, რომელნიც იუდეველებს ემალებიან (ინ. 20.19) და შეცბუნებულნი არ იჯერებენ მენელსაცხებლე დედათა მონათხრობს, სულ რამდენიმე დღეში აღდგომის მოწამეებად და აღმსარებლებად გარდაიქმნებიან. იქადაგებენ სახარებას და გაცხადებულად წარსდგებიან ძლიერი მეფეებისა და ხელისუფლებების წინაშე. მედგრად შეხვდებიან საშინელ წამებებსა და მუქარებს, და ბოლოს, მათი უმეტესობა სოცოცხლეს გაწირავენ ქრისტეს აღდგომის დასამოწმებლად. რა შეიცვალა? ვინ იყო ის, ვინც გაფანტა შიში და მოიტანა ურყევი რწმენა მათ ცხოვრებაში? რაღა თქმა უნდა აღდგომის გამოცდილება. გამოცხადებისას, ქრისტე მათ აძლევს მშვიდობას: „მშჳდობაჲ თქუენ თანა…“. იესო მიმადლებს მათ განახლებით ძალას და მათსავე გულებში სულიწმიდას მოაფენს, რითაც გაფანტავს შიშს და მიმადლებს რწმენასა და სასოებას. მოწაფეები ხედავენ, ესაუბრებიან და ეხებიან აღდგომილ ქრისტეს. მისი აღდგომა ჭეშმარიტია. ის აღდგა მკვდრეთით. მის პიროვნებაში სიცოცხლემ სძლია სიკვდილს.
ქრისტე, თავის მოწაფეებთან ამ შეხვედრისას კიდევ ერთ რამეს აღასრულებს, რასაც ღრმა სიმბოლური დატვირთვა აქვს. ის მათ აჩვენებს თავის ჭრილობებს. რა საჭიროა ეს? ის ცოცხალი დგას მათ შორის და რაღა საჭიროა ჯვარცმის ჭრილობების ჩვენება? ქრისტე ამას აკეთებს იმისათვის, რომ საბოლოოდ გაფანტოს მათი უმცირესი ეჭვებიც კი იმასთან დაკავშირებით, რომ იგი შეიძლება იესო არ იყოს, რომ შესაძლოა მოჩვენებაა ან სულაც ილუზია. ჯვარცმის ჭრილობების ჩვენებით ქრისტე თითქოს მიმართავს მათ და ეუბნება: ნახეთ, ეს მე ვარ, თქვენი უფალი; იხილეთ ჩემი სიყვარულისა და მსხვერპლშეწირვის ნიშნები. ყოველი ჭეშმარიტი სიყვარული ჯვარცმულია. ყოველი სიყვარული მსხვერპლის გავლითაა ჭეშმარიტი; სხვაგვარად, ის ერთი რომანტიკული თხრობა ან ცრუ იდეოლოგიაა.
ქრისტე მოუხმობს მათ, რათა იხილონ მისი ჭრილობები, ჯვარცმის ნიშნები და მხოლოდ ამის შემდეგ დაინახონ სამყაროს ცოდვები, მთელი ბოროტება და უსამართლობა, რომელთაც ვერ შეძლეს საღვთო განგებულების განადგურება. არ დაგვავიწყდეს, რომ აღდგომა რაციონალური ისტორიული მოვლენა არ ყოფილა. იგი არ მომხდარა, როგორც ბუნებითი განგრძობადობა, არამედ, როგორც პარადოქსი, მოულოდნელობა და ყოველივეს გადატრიალება სიძულვილისა და ბოროტების ისტორიაშია. ქრისტეს ღალატითა და მსჯავრით, მისი მოწმობითა და ჯვარზე სიკვდილით, ბოროტება ფენომენალურად მძლავრობს. მაგრამ, ღმერთს ჯერ არ უთქვამს თავისი საბოლოო სიტყვა. აღდგომა არის მისი პასუხი ბოროტებასა და უსამართლობაზე, სიკვდილისა და არაფრის (არარსის) მუქარაზე. ამ გზავნილით ნათელია, რომ ისტორიაში არც ერთი ჯვარცმული არ დარჩება აღდგომის გარეშე. აღდგომილ ქრისტეს პიროვნებაში ყველა განიცდის ღვთის საუკუნო სასუფეველს – სიყვარულის, სიხარულისა და ერთობის სასუფეველს. ეს ხდება ტკივილის, ცრემლისა და დაკარგვის მწუხარების გარეშე.
რადგან, აღდგომა ნიშნავს შევძლო გეამბორო და მოგეხვიო ისე, რომ სიკვდილმა არ შეაღწიოს ჩემი ხელების ჭრილობებში. აღდგომა ნიშნავს, რომ ამბორმა იგივე განცდა მიიღოს, რაც მას გაცემამდე ჰქონდა. აღდგომა ნიშნავს დავიბრუნოთ ის, რაც მზაკვრულად წარიტაცა ჩვენგან სიკვდილმა; ყველა და ყველაფერი ის, რაც ძალით წაგვართვა – პიროვნებები, ღვაწლი და შრომა, ჟამი და მდუმარება, დაისი და აისი. აღდგომა ნიშნავს სიმართლეს ყველა ჯვარცმულისათვის. აღდგომის საღამოს, ეკლესიებში, სანთლებსა და სიხარულში სიკვდილი მარცხდება. ქრისტე მიმოაფრქვევს ნათელსა და სასოებას საფლავებივით დამძიმებულ გულებში; სრულ სასოწარკვეთილებამდე ცოტა ადრე, ის ჩადის გულის ჯოჯოხეთში, ჩვენი სულის ყველაზე ბნელ ადგილას და ქადაგებს, რომ სიცოცხლემ სძლია სიკვდილს. ქრისტე ხდება ღმერთის საუკუნო სასუფევლის დასაბამი. „ქრისტე აღდგა“ ისმის, როგორც სიკვდილზე საუკუნო ძლევის შეძახილი, რომელი სიკვდილიც უკვე ვეღარ დაასნეულებს იმას, ვისაც სიყვარული აღაშენებს.
პროტოპრესვიტერი ხარლამპი ლიბიოს პაპადობულოსი (Χαράλαμπος Λίβυος Παπαδόπουλος) კუნძულ კრეტაზე, გორტინისა და არკადიას სამიტროპოლიტოში, წმინდა ირინის სამრევლოს (Αγία Ειρήνη Πύργου Μονοφατσίου) მღვდელმსახურია.