ორგვარი საფრთხე ეკლესიაში
მამა რიჩარდ რენე (Fr. Richard René)

ბანალური იქნება იმის თქმა, რომ თანამედროვე ქრისტიანულ კრებულში COVID პანდემიამ კულტურული განხეთქილება შექმნა (ან უკეთ რომ ვთქვათ აპოკალიპტურად გამოავლინა). როგორც მოძღვარმა ეს განყოფა პირადად გამოვცადე და სხვა სასულიერო პირებიც ვიცი, რომლებმაც მრევლი იგივე მიზეზის გამო დაკარგეს.
ერთ მხარეს ისინი დგანან, ვინც გულწრფელად მიიღეს ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვები და ის რეგულაციები, რომლებიც COVID-ის გავრცელების შესამცირებლად იყო დადგენილი. ისინი მართებულ გადაწყვეტილებად იღებენ ტაძართა დახურვას, ხოლო მათი გახსნის შემდეგ კი გარკვეული მოქმედებების ცვლილებას (როგორიც შეიძლება ერთჯერადი კოვზით ზიარების პრაქტიკა იყოს). ამასთანავე, ეს ადამიანები განსაკუთრებულად განიცდიან, როდესაც ჯანდაცვის რეგულაციების დარღვევას შეამჩნევენ ხოლმე.
მეორე მხარეს ისინი დგანან, ვინც საეკლესიო მსახურებებში ადამიანთა დასწრების აკრძალვას ან შეზღუდვას ეწინააღმდეგებიან. ისინი ღვთისმსახურებებზე დასწრებას ისედაც გარდაუვალ საფრთხედ მიიჩნევენ, რაც ქრისტიანული რწმენისთვის დამახასიათებელია. მათგან ყველაზე რადიკალურები ქრისტიანებს ეთიკურ კომპრომისში (ან უფრო მძიმე დანაშაულში) სდებენ ბრალს, რადგან ის პერიოდი ენატრებათ, როდესაც ქრისტიანების საღვთო ლიტურგიაში მონაწილეობა დიდ რისკს შეიცავდა.
სიმართლე რომ გითხრათ საკუთარ თავს პირველი ჯგუფის ზომიერ მხარდამჭერებში განვიხილავ, მაგრამ ისიც უნდა დავამატო, რომ მეორის კულტურული ტენდენცია რისკის ხასიათთან დაკავშირებით კითხვებს ბადებს, რომელთა დაზუსტებაცაა საჭირო. უპირველესად იგი შეგვახსენებს, რომ ქრისტიანულ რწმენას თანდაყოლილი საფრთხეები აქვს, რომელთა თავიდან აცილებაც არ შეგვიძლია და არც უნდა მოვახდინოთ. ჩვენი სარწმუნოების ფუნდამენტია, რომ ღმერთი სამყაროსადმი სიყვარულის გამო განკაცდა, რაც იმ რისკის შემცველი იყო, რომელმაც შედეგად სიკვდილი მოიტანა. ანალოგიურად, ქრისტიანებს ღმერთიც სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს, როდესაც მათ მოუწოდებს, რომ უფლის სიყვარულის სურნელება მთელ მსოფლიოში გაავრცელონ. ტერტულიანე შენიშნავს, რომ ,,მოწამეთა სისხლი ეკლესიის თესლია.“ ეს განცხადება ადასტურებს, რომ ქრისტიანთა სიცოცხლე საფრთხის შემცველია, რადგან საღვთო სიყვარულის მათეული გამოვლინება (რაც იმ რისკს ეყრდნობა, რომელიც ღმერთმა სამყაროს შექმნისა და საკუთარი განკაცებისას იტვირთა) სამყაროზე პოტენციურ სასიკვდილო ზემოქმედებას შეიცავს.
ამავდროულად, ბიბლია და იესოს ამქვეყნიური მოღვაწეობა ნათლად ადასტურებენ ქრისტიანთა მოწოდებას, რომ სხვებს რისკები შეუმცირონ, განსაკუთრებით კი საზოგადოების მხრიდან მარგინალიზებულ ჯგუფებს. მშიერთა დაპურების, შიშველთა შემოსვის, სნეულთა და საპყრობილეში მყოფთა მონახულების შესახებ წარმოთქმული მოწოდებანი უშეცდომო და უცვალებელნი არიან და იესოც ნათლად გადმოსცემს, რომ ჩვენი ხსნა სწორედ მათზეა დამოკიდებული. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ,,განთავისუფლების სახარების“ შეთვისება არ გვჭირდება, მოწოდებულნი ვართ ღვთის სიყვარული ისე განვახორციელოთ, რომ რისკის ქვეშ მყოფებს მდგომარეობა შევუმსუბუქოთ- ღარიბებს, უპოვრებს, გაჭირვებულებს, ქვრივებსა და უცხოებს.
ამიტომ, საეკლესიო ტრადიციაში ჩვენ ორი სახის რისკს განვასხვავებთ- ეგზისტენციალურსა და სიტუაციურს. ეგზისტენციალური რისკი არის ჩვენი გარდაუვალი ზემოქმედება გარეგან პირობებზე, რაც ჩვენი, როგორც ქმნილი არსებების თანდაყოლილი თავისებურებებითაა განპირობებული. სიტუაციურია რისკი, რომელიც ჩვენზე ჩვენივე მდგომარეობიდან გამომდინარე მოქმედებს, იქნება ეს ავადმყოფობა, სიღარიბე, კლასი, რასა და ა.შ.
ზოგადად რომ ვთქვათ, ეგზისტენციალური რისკის თავიდან სრულად აცილება შეუძლებელია, სიტუაციურისა კი შესაძლებელია სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და სამედიცინო საშუალებებით. თუმცა, რისკის ეს ორ ტიპი სავსებით არაა განცალკევებული და დამოუკიდებელი. მაგალითად, ადამიანები, რომლებიც ეკონომიკური არასტაბილურობით (სიტუაციური რისკი) იტანჯებიან, უფრო მეტად დგანან გარდაცვალების საფრთხის წინაშე (რაც უკვე ეგზისტენციალური რისკია). მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ორი კატეგორია გარკვეულწილად ბუნდოვანნი და ურთიერთდამოკიდებულნი არიან.
სეკულარულ სამყაროს იმედი აქვს, რომ ჩვენ, საბოლოოდ, ყველა რისკის სიტუაციურად გარდაქმნა შეგვიძლია. თუკი ჩვენ საკმარისი ნაბიჯების გადადგმა ძალ გვიძს, იმასაც მოვახერხებთ, რომ რისკი სრულად აღმოვფხვრათ და მოუწყვლადნი გავხდეთ. ამ დროს ჩვენ მოქნილ ენას ვიყენებთ და ვაცხადებთ, რომ უწინდელზე უკეთესები ვიქნებით. ამ მოსაზრების თანახმად, ეგზისტენციალური რისკი შემაწუხებელია და თუკი მისი აღმოფხვრა სრულად ვერ ხერხდება, იგი მაქსიმალურად მართვადი უნდა გავხადოთ. შფოთი COVID შეზღუდვებთან თანაცხოვრებასთან დაკავშირებით სეკულარული მღელვარებიდან მომდინარეობს, რომელიც მარტივი ან თანმიმდევრული მენეჯმენტისადმი წინააღმდეგობას აგრძელებს.
მეორე მხარეს ისეთებიც არიან (მათგან ბევრი მორწმუნეა), რომლებიც ყველაფერს ეგზისტენციალური რისკის ქვეშ აყენებენ. მათი მიდგომის თანახმად, მხოლოდ ღმერთს შეუძლია გვიბოძოს სრული, რისკისგან თავისუფალი კეთილდღეობა. ამიტომ, ჩვენ მხოლოდ ჩვენივე სიცოცხლის ყველაზე აშკარა რისკების შემსუბუქება გვჭირდება. დანარჩენი ყველაფერი კი ღვთის ხელშია და მხოლოდ მას უნდა მივენდოთ.
ამ მოსაზრებათა ძირითადი ელემენტი ისაა, რომ ორივე ერთ დაშვებას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც ადამიანის აბსოლუტური კეთილდღეობა რისკისგან სრულ თავისუფლებას (ე.ი.მოუწყვლადად ყოფნას) გულისხმობს, რაც შეიძლება ადამიანური საშუალებებით (კანონები, განათლება, მეცნიერება და ტექნიკა) ან საღვთო მადლისმიერად მოხდეს. ამგვარად, ისინი ერთი მონეტის ორ მხარეს წარმოადგენენ. თუმცა, თავად ეს მონეტა ყალბია, რადგან იგი საბოლოოდ სიყვარულს უარყოფს, რომელიც ყოველთვის მოითხოვს სხვისთვის მოქმედებას, რაც თავისთავად მუდამ რისკის შემცველია.
ჩვენს კრებულებში არსებული ნაპრალების გადასალახად კარგი იქნება თუ რისკის ორი სახის განრჩევას შევეჩვევით. ცხადია, რომ მორწმუნე ქრისტიანის ცხოვრება იმ საშიშროებასაც გულისხმობს, რაც ქრისტეს სიტყვათა მიხედვით ტაძარში ევქარისტიის მისაღებად ორი ან სამი ადამიანის ერთად შეკრებას მოიაზრებს (მთ. 18:20). თუმცა, იგივეს თქმა შეიძლება იმ საფრთხეების დროსაც, როდესაც საქმე ეხება: ,,ორ ან სამზე“ მეტი ადამიანის ერთად შეკრებას? მათ მიერ ნიღბის ტარებასთან დაკავშირებულ საკითხებს? იმას, თუ რა სახით იღებენ ზიარებას? ეს ეგზისტენციალური საფრთხეები საღვთო სიყვარულის სამყაროში გამოვლენის ნაწილები არიან თუ ისინი უბრალოდ სიტუაციურ რისკებს წარმოადგენენ, რომლებიც ტრადიციული პრაქტიკის ზოგად კონტექსტში თავიდან უნდა ავიცილოთ?
ჩვენს საეკლესიო ცხოვრებაში ეგზისტენციალური და სიტუაციური რისკების გარჩევა ყოველთვის (ან ხშირად) მარტივი არ იქნება. თუმცა, ეს განრჩევა (იმ რთული გზების გამარტივების გარეშე, რომლებთანაც ამ ორგვარ რისკს ურთიერთობა აქვს) შეიძლება ეთიკური კუთხით დაგვეხმაროს, რომ ბუზი სპილოდ არ ვაქციოთ.მამა რიჩარდ რენე (Fr. Richard René) PhD პროგრამის სტუდენტია (University of St. Michael’s College, Toronto School of Theology). იგი არის წყნარი ოკეანის რეგიონში კანადის მთავრობის წარმომადგენელი პენიტენციალური დაწესებულებების ზედამხედველობის მიმართულებით. ამასთანავე, იგი კანადაში არსებულ St. Silas Orthodox Prison Fellowship-ს ხელმძღვანელობს.