როგორ ვასწავლი ათეიზმს სემინარიელებს

0

ჯასტინ შონ კოილი (Justin Shaun Coyle)

ხანდახან, ჩემი მეგობრებისა და ახლობლების მიერ, ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვები არარელევანტურნი არიან. მათ იციან,  რომ მე სემინარიაში ვასწავლი და ამიტომ ჩემი კურსების შესახებ მეკითხებიან. მე ვპასუხობ- ,,ამ სემესტრში ძირითადად ეკლესიის ისტორიას, თანამედროვე ფილოსოფიასა და ათეიზმის კურსს ვკითხულობ.“ ,,ათეიზმი?“ იკვირვებენ ისინი. სხვები უფრო თავაზიანი დახვეწილობით შენიშნავენ: ,,კარგია, ვფიქრობ სასარგებლოა სემინარიელების მტრის დასამარცხებლად წვრთნა.“

ათეიზმის ჩემს გაკვეთილებს ეს მიზანი არ აქვთ. ძირითადად, ჩემს პირველივე გაკვეთილზე უფრო ზუსტად აღვწერ ხოლმე იმას, რის სწავლებასაც კურსის მსვლელობისას არ ვაპირებ. გაკვეთილი მიზნად სტუდენტებისთვის ინტერნეტ ათეისტების წინააღმდეგ საბრძოლველად აგრესიული დიალექტიკის სწავლებას არ ისახავს. იგი არც რიჩარდ დოუკინსისა და ნილ დეგრას ტაისონის (რომელთაგანაც ორივე ათეიზმის ტიარის პრეტენდენტები არიან) დოგმატურ საიენტიზმს განადიდებს. მე არც გენეალოგიური ჟონგლიორობის იმ სახეს ვასწავლი, რომელსაც ქრისტიანები მათთვის მიუღებელი თითოეული პოზიციის შესასუსტებლად ხშირად იყენებენ და რითაც ათეიზმს სამ მარტივ დონედ ყოფენ. კურსი მასში აპოლოგეტიკით დაინტერესებული სტუდენტების ჩართვასაც არ გულისხმობს, რამაც შეიძლება ამგვარი სტუდენტების მხრიდან, მისი მიტოვებაც გამოიწვიოს.

ისინი კი ვინც რჩებიან, კურსის შესწავლას წმინდა სილუან ათონელის სიტყვებით იწყებენ: ,,გახსოვდეს ჯოჯოხეთი და ნუ წარიკვეთ სასოს.“ როგორც ყველა აფორიზმის შემთხვევაში ხდება ხოლმე, ეს ფრაზაც რთული გასაგებია. შეიძლება იგი  საკუთარი დაცემის უკეთ გააზრების სულიერ პრაქტიკაზე მიუთითებს; შეიძლება იგი გოლგოთაზე, ქრისტეს მიერ ადამის ხმით ღაღადს გულისხმობს- ,,ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?“ (მთ. 27:47); ან შეიძლება დანტესეული ჯოჯოხეთის შესასვლელთან არსებულ წარწერას იხსენებდეს  ,,თქვენ, აქ მოსულნო, იმედები დატოვეთ ყველა!” (“Lasciate ogni speranza voi ch′entrate“).  რასაც არ უნდა ნიშნავდეს იგი სტუდენტები აღნიშნავენ, რომ აფორიზმის გასააზრებელი მთავარი სირთულე, მის შუაგულში არსებული ,,და“ კავშირია. როგორ შეიძლება პირველი და მეორე ნაწილი ერთიანობაში გავიაზროთ? რას ნიშნავს ფიქრობდე ჯოჯოხეთზე და არ იყო სასოწარკვეთილი?

რა მოხდება თუკი სტუდენტებს ვეტყვი, რომ სასოწარკვეთილების თავიდან აცილება ჯოჯოხეთზე ფიქრის უკუგდება კი არაა, არამედ პირიქით, სასოწარკვეთილების თავიდან აცილება არსებითად სწორედ ჯოჯოხეთზე ფიქრის შედეგია? რა მოხდება თუკი დავნაძლევდები,[1] რომ ჯოჯოხეთზე ფიქრი სასოწარკვეთილების თავიდან აცილების საშუალებაა?

ყოველ ჯერზე, როდესაც წმინდა წერილს ვუბრუნდებით, სტუდენტები აღნიშნავენ, რომ ბიბლია მათ ასწავლის თუ როგორ განწმინდონ ღვთის შესახებ არსებული მცდარი აზრები. ხშირად, ეს სწავლება, ისრაელის ღმერთისგან განსხვავებული ღმერთებისადმი მსახურების აკრძალვაში ვლინდება (გამ. 20:2-4), როგორებიც იყვნენ: ოქროს ხბო, ბაალის წინასწარმეტყველთა ქანდაკებები და ა.შ. სტუდენტებმა ათი მცნებიდან ეს ყოველივე უწყიან, თუმცა, მათგან მხოლოდ რამდენიმე თუ ეწინააღდეგება ბაალისადმი თაყვანისცემას. მაგრამ ხშირად, წმინდა წერილი, ისრაელის ღმერთისადმი თაყვანისცემასაც კერპთაყვანისცმემლობად მიიჩნევს. ამოსი შენიშნავს, რომ ღმერთს ისრაელის საგალობლები სძაგს და მათ ღვთისმსახურებას  უარყოფს, რადგან ღარიბებზე ზრუნვას არ შეიცავს (ამოსი, 5:21-24). ჩვენი ,,ხორციელი ბუნება“ იმ კერპებისკენ მიისწრაფვის, რომლებიც ქრისტიანებმა უნდა ,,მოაკვდინონ“ (კოლ. 3:5; გალ. 5:19). სწავლება მარტივია: არც ისრაელი და არც ეკლესია კერპაყვანისცემასთან დაკავშირებით უნაკლო არაა. კერპთაყვანისმცემლობა ზოგჯერ ცრუ ღმერთებისადმი თაყვანისცემას, ზოგჯერ კი ღვთისადმი ცრუ თაყვანისცემას ნიშნავს.

ამ დროს მე სტუდენტებს ვეკითხები: როგორ შეგვიძლია რომ ჩვენ, ქრისტიანები, წმინდა წერილისეული მოთხოვნისამებრ კერპთაყვანისმცემლობას განვეშოროთ? როგორ შეიძლება დავრწმუნდეთ, რომ ღმერთს მცდარად არ ვცემთ თაყვანს? როგორ შეგვიძლია ხატი კერპისაგან გავარჩიოთ?

აქ არაფრიდან დაწყება არ გვჭირდება. იმ მადლისმიერ ძღვენთა შორის, რომელიც ქრისტიანობის სლვის შედეგად შემოგვრჩა, ისეთი მოაზროვნეებიც არსებობენ (წყდიადში მბრწყინავნი) რომლებიც ათეიზმმა კერპთა შემუსვრის მცოდნეებად აქცია. ვკითხულობ, რატომ არ ვიღებთ მამაცურად მათ მემკვიდრეობას და არ ვეწაფებით მათ კრიტიკას?

ასეთი მიდგომა გვაქვს ამ კურსთან დაკავშირებით, ასე ვუდგებით ფოიერბახს, მარქსს, ნიცშესა და ფროიდს- ნელა, ყურადღებითა და დაკვირვებით. სტუდენტები ამ ,,ეჭვის სკოლიდან“ სწავლობენ, რომ ეს მოაზროვნეებიც იმავე კერპებს ანგრევენ, რომლებსაც ჩვენ, ქრისტიანები ვმუსრავთ (ან უნდა ვმუსრავდე). ვის შეუძლია უარყოს, რომ საკმაოდ ხშირად, თეოლოგები, გამოცხადების ერთადერთ და იშვიათ თავისებურებას უარყოფენ? რომ ზოგჯერ, ქრისტიანული პრაქტიკა სიღარიბეს სულიერ  განზომილებას ანიჭებს და ამგვარად საკრალურობას სძენს ისეთ ძალებს, რასაც სახარება კიცხავს? რომ გოლგობათზე აღსრულებული ფასეულობათა ცვლილება, ანაფორით დაფარულ ძალაუფლებას ხანდახან განა მოჩვენებითად არ მოსავს? სტუდენტები ხშირად შენიშნავენ, რომ იუდეურ-ქრისტიანული მოტივები ისეთი ბობოქარი ათეიზმისკენ გეზის მიმცემნი არიან, რასაც დეივიდ ბენტლი ჰარტმა (David Bentley Hart) ირონიულად ,,ქრისტიანული ათეიზმი“ უწოდა. რაა ფოიერბახის ათეიზმი თუ არა განკაცების სკანდალის შეახებ მიძღვნილი ცალმხრივი აპოლოგია?  მარქსის ათეიზმი განა უდავოდ განსხვავებული და ღარიბებისადმი უპირატესობის მიმნიჭებელი არაა? ნიცშეს ათეიზმი განა გზის, ჭეშმარიტებისა და სიცოცხლის შერეული დამოწმება არაა? რა არის ფროიდის ,,უღმერთო იუდაიზმი“ თუ არა ამოსისა და ოსიას სტილით ექსპრომტად გამოთქმული საწინასწარმეტყველო სიტყვა? თითოეულ შემთხვევაში სტუდენტები კარლ ბართის (Karl Barth) აზრზს მიემხრნენ, რომელიც მიიჩნევდა რომ ,,ზოგჯერ ამგვარი ღმერთის წინააღმდეგ მიმართული ჯანყის ტირილი უფრო ახლოსაა ჭეშმარიტებასთან, ვიდრე ის სოფისტიკა, რომლითაც ადამიანები გამართლებების მოძიებას ცდილობენ.“

ჩვენი კურსი დოსტოევსკის გამორჩეული ნამუშევრების შესწავლით იხურება, ამის მიზეზი მხოლოდ ის არაა, რომ იგი ტიპიური მართლმადიდებელი მწერალია, არამედ რეალურად ისიც, რომ ქრისტიანული აზროვნების წინააღმდეგ მიმართულ ათეიზმის ეთიკურ სანაძლეოს მასზე უკეთ სხვა არავინ არ პასუხობს (გაიხსენეთ ძმები კარამაზოვების ,,ბუნტი“);[2] რადგან მასსავით კარგად სხვა ვერ აღწერს ათეიზმით შეპყრობილი ადამიანის საფრთხეს (გაიხსენეთ მისი წიგნი- ,,ეშმაკნი“ და მასში აღწერილი ისტორია კრილოვის შესახებ); მასზე უკეთ არავის გადმოუცია, რომ როგორც სულიერი მღვიძარებაა დიდი შაბათის დღესასწაულისთვის აუცილებელი, სწორედ ასევე, ათეიზმმის აჩრდილიც მხოლოდ ქრისტეს ნათლით განიდევნება. (გაიხსენეთ ,,ეშმაკნი“ და ამ წიგნის შემადგენელი თავი- ,,ტიხონთან“); დასასრულს სტუდენტებს ვუცხადებ, რომ ის, რაც ჩვენ სემესტრის მსვლელობისას გავიარეთ სტავროგინისადმი ტიხონის გამცხადებას წააგავს: ,,ღმერთი ურწმუნოებას მოგიტევებს, რადგან სულიწმინდას მისი ცოდნის გარეშე თაყვანს სცემდი.“  

სემინარიელებს ათეიზმს იმის გამო არ ვასწავლი, რომ ახალგაზრდა, მორწმუნე ახალგაზრდების რწმენადაკარგულთა რიგებში შეყვანით რაღაც ამპარტავნულ თვითკმაყოფილებას ვიღებ. არც იმიტომ, რომ მათი დიალექტიკური უნარები განვავითარო. პირიქით, სემინარიელებს ათეიზმს ვასწავლი, რათა ისინი ალეგორიის ხანგრძლივ ხელოვნებაში გავწვრთნა, რომ ქრისტე იქ ჰპოვონ, სადაც იგი დაფარულია. 

იმ ადამიანებს, რომლებმაც სულიერ სიმწიფესა და ინტელექტუალურ განვითარებას ვერ მიაღწიეს, არ ვურჩევდი, რომ სასოწარკვეთის თავიდან ასაცილებლად ჯოჯოხეთზე იფიქრონ. აქ შეიძლება, რომ დრაკონები მართლა არსებობდნენ.[3] მაგრამ თუ თქვენი სტუდენტები (ჩემი სტუდენტების მსგავსად), რძის სმიდან ხორცის ხმევაზე გადავიდნენ (1 კორ. 3:2), მეროლდ ვესტფალის (Merold Westphal)  მსგავსად ელეგანტურად რომ ვთქვათ, თქვენ შეგიძლიათ ათეიზმის სწავლებას მომდევნო დიდმარხვაში შეეცადოთ. და ბოლოს, ჩვენ კერპების გარდა დასაკარგი სხვა არაფერი არ გვაქვს.


[1] ტექსტში ავტორი ორ ადგილზე იყენებს ტერმინს- ,,სანაძლეო“ (wager). საქმე იმაშია, რომ ბლეზ პასკალმა ღმერთის არსებობასთან დაკავშირებით დაწერა ,,სანაძლეო“, მის საპასუხოდ კი მიშელ მარტინმა (Michael Martin), 1990 წელს გამოსცა ცნობილი წიგნი- ,,ათეისტის სანაძლეო“ (მთარგმნ. შენიშვ.).

[2] საძიებელი- ფიოდორ დოსტოევსკი, ძმები კარამაზოვები, კარი მეორე, წიგნი მეხუთე, თავი მეოთხე- ,,ბუნტი“ (მთარგმნ. შენიშვ.).

[3] ამ ადგილზე ავტორი ალეგორიულად მიანიჭნებს 2011 წლის ფილმზე- There Be Dragons (მთარგმნ. შენიშვ.).


ჯასტინ შონ კოილი (Justin Shaun Coyle, PhD, Boston College) არის უკრაინული წარმომავლობის ბიზანტიური წესის კათოლიკე, რომელიც ფილოსოფიასა და თეოლოგიას ორეგონის შტატში ასწავლის (Mount Angel Seminary, Oregon). მომდევნო წელს, ფორდჰემის უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ მისი პირველი წიგნი გამოიცემა, სახელწოდებით- Beauty of the Trinity: A Reading of the Summa halensis.