წმინდა კასიანე და მარიამ მაგდალინელის კომპლექსი
თომას არენცენი (Thomas Arentzen)

ვფიქრობ, რომ კასიანეს ეპოქაში ვცხოვრობთ. ახლოვდება ვნების კვირა და მასთან ერთად მოდის ცოდვილი ქალის ტროპრის გალობაც (რომელიც დიდი შაბათის კანონს მოსდევს), რომელიც, ნაწილობრივ, იმავე ავტორის კალამს მიეკუთვნება. ამას გარდა, რამდენიმე წლის წინ, ინგლისელმა მომღერალმა და ავტორმა ფრანკ ტერნერმა (Frank Turner) კასიანესა და იმპერატორ თეოფილესადმი ამ ქალბატონის განუხორციელებელი სიყვარულის შესახებ სიმღერა დაწერა. ტელე სერიალი ,,ვიკინგებიც“ იმავე პოეტ-წმინდანს ბიზანტიის ულამაზეს და ძალიან მაცდურ პრინცესად ხატავს, რომელსაც ფრიგიის ამირ ზაიდატ ალაჰთან საიდუმლო რომანტიკული ურთიერთობა აქვს. კასიანემ 21-ე საუკუნის პოპკულტურაში თანამედროვე იმედისა და წარმოსახვის ობიექტად შემოაღწია. ახლახანს, Cappella Romana-მ CD გამოუშვა, რომელშიც კასიანეს საგალობლებიც იყო შესული. რეალურად, კასიანეს ხანაში ვცხოვრობთ. ,,კასიანეს“ მაგივრად იქნებ ,,კასიას“ თქმა სჯობს, რომელიც მისი ისტორიული სახელი იყო? რეალურად, ეს სწორედ ის თემაა, რომლის განხილვაც მოცემულ სტატიაში მსურს- იმ ეპოქაში, როდესაც მშვენიერი კომპოზიტორი მსოფლიო ასპარეზზე ბრუნდება, რას ვუწოდებთ მას?
ფრანკ ტერნერის სიმღერაში კასიანე საკუთარი თავის შესახებ ამბობს: ,,მსმენია, რომ მრავალ ცოდვაში ჩავარდნილ ქალს მეძახიან…“ ეს სტრიქონები ძირითადად კასიანეს ცხოვრების ირგვლივ არსებულ ლეგენდებს ემყარებიან. არსებობს ნამდვილი სიყვარული და არსებობს უპასუხო სიყვარული. კასიანეს თეოფილე მისი საპატარძლოს ცნობილი შერჩევის ცერემონიის შემდეგაც კი უყვარდა (იმის მიუხედავად, რომ იგი მონაზონი გახდა), თუმცა, როგორც Wikipedia და სხვა ინტერნეტ წყაროები მოწმობენ: ,,მას არ სურდა, რომ საკუთარი მონაზვნური აღთქმისთვის ძველი ვნებით აზრებს ეძლია.“ მან გადაწყვიტა, რომ საკუთარ ტრფიალებით ფანტაზიებსა და სურვილებს არ მიჰყოლოდა. კასიანე ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან წმინდანთაგან (რომლებსაც ძირითადად ქალები შეადგენენ), რომელთა ისტორიაც ტრფიალებასა და ლტოლვასთანაა დაკავშირებული. ეს ყველაფერი მონაზვნისთვის ცუდი საერთოდ არაა, მაგრამ ამ სიტუაციის დამაბალანსებელი ელემენტიც არსებობს. ვინ იყო მისი ლტოლვის ობიექტი? ვფიქრობ, რომ იგი, უფრო მეტად, მარიამ მაგდალინელის კომპლექსისკენ უნდა ყოფილიყო მიდრეკილი.
მარიამ მაგდალინელი ქრისტეს ერთგული მიმდევარი იყო და, როგორც ცნობილია, პირველმა სწორედ მან იხილა აღდგომილი იესო და აღდგომის სახარება მოწაფეებს მან ამცნო- ,,ვიხილე უფალი“ (ინ. 20:18). ეკლესია მას ,,მოციქულთა მოციქულად“ იხსენიებს. როგოც კანონიკური სახარებები, ასევე, სხვა ადრექრისტიანული ტექსტები მოწმობენ, რომ ადრეულ ეკლესიაში მას ავტორიტეტი უნდა ჰქონოდა და გამოჩენილი ფიგურა უნდა ყოფილიყო (შდრ. ლკ. 8:1-3). როგორც ბევრმა მკვლევარმა აღნიშნა, მხოლოდ მოგვიანებით იყო, რომ ხალხმა მის გარეგნობაზე დაიწყო ყურადღების გამახვილება და, საბოლოოდ, მეძავობასაც კი დაუკავშირეს.
უცნობი ქალი, რომელსაც, ცოდვილობის მიუხედავად, ქრისტესთვის ფეხების დაბანის საშუალება მიეცა (შდრ. ლკ. 7:36-50), მრუშობის ვნებაში მყოფ ადამიანად გაიგებოდა და ისტორიაც ამ მიმართულებით გავრცელდა. მოგვიანებით, ეს ქალი მარიამ მაგდალინელთან გაიგივდა. რაც უფრო მეტად ხდებოდა მის სინანულზე ხაზგასმა, უფრო ძლიერდებოდა სექსუალური ლტოლვისადმი ყურადღების გამახვილება. საბოლოოდ კი, ლათინურ ქრისტიანობაში, ქრისტეს ცნობილი მოწაფე მეძავ ქალთან გაიგივდა. მამრობითი სქესის მოციქულებთან შედარებით, მისთვის რაღაც სიშიშვლე იყო დამახასიათებელი. ეს კომპლექსი ჩვენს დროშიც გრძელდება, გერმანელი მომღერლის სანდრას (Sandra), ნოველისტებს ნიკოს კაზანძაკისის (Nikos Kazantzakis), დან ბრაუნისა (Dan Brown) თუ სხვათა შემთხვევებში, რომლებიც იესოსა და მარიამის ქორწინებამდეც კი მიდიან. მარიამ მაგდალინელის კომპლექსს იმ ტენდენციას ვუწოდებ, რაც ქალთა ცხოვრების სიბინძურესა და სიწმინდეს, წესიერებასა და უწესობას შორის არსებულ ჩარჩოებში მოქცევას გულისხმობს. მარიამის კვალს ბევრი მიჰყვა, რომელთაგანაც წმინდა პელაგიასა და მარიამ მეგვიპტელის მაგალითები ყველაზე ცნობილია, მათ ზემოაღნიშნული კომპლექსის შედეგები სრულად განიცადეს. მე არც ამ წმინდანების სექსუალური ცხოვრებების შესწავლასა (ეს თემა კარგადაა განხილული წიგნში- Virginia Burrus, The Sex Lives of Saints) და არც ქრისტიან მთხრობელთა ენთუზიაზმის შერბილებას არ ვაპირებ, არამედ, ძალიან აშკარა რაღაცის აღნიშვნა მსურს: ხანდახან, ეროტიკული ტრფიალება ძალიან კარგი რამ შეიძლება იყოს, სინამდვილისადმი ზედმეტად კარგიც კი. ზოგჯერ სიშიშვლე ის არაა, რაც ჩანს. ხანდახან ტრფიალების მოქმედებამ სხვა სურვილები შეიძლება შეცვალოს.
კასიანეს შემთხვევაში წმინდა თეოდორე სტუდიელის მიერ მასთან გაგზავნილი სამი წერილის სახით უნიკალური ისტორიული წყარო გვაქვს. თინეიჯერობის მიუხედავად, კასიანე აქტიურად მონაწილეობდა ხატმებრძოლთა წინააღმდეგ მიმართულ ფარულ ბრძოლაში და თეოდორეს თქმით, ამის გამო, იგი აწამეს კიდეც. ჩვენს ხელთარსებული სხვა ისტორიული წყაროები მისი გამოჩენილი ნაწარმოებები არიან. თანამედროვე კვლევები მოწმობენ, რომ იგი მე-9 საუკუნის გამორჩეული საეკლესიო მოღვაწე იყო. ბევრად მოგვიანებით ხალხმა მის გარეგნობას მიაქცია ყურადღება და საბოლოოდ მეძავთან გააიგივეს [ზემოთდაწერილი ინფორმაციით დაინტერესების შემთხვევაში ვიტყვი, რომ ეს ფრაზები მარიამ მაგდალინელის ისტორიის შეფასებიდან გამდმოვიტანე, რამდენადაც, ორივე მათგანი ერთმანეთს ძალიან ჰგავს]. ამგვარად, ქალი, რომელმაც ტექსტი დაწერა ქრისტესადმი ნელსაცხებლის მცხებელ ქალზე, მოგვიანებით მიმზიდველად და მეძავად ჩაითვალა. თანდათანობით, მარიამ მაგდალინელის ისტორია (ან ვისი ისტორია?) კასიანეს ისტორიასთან გაიგივდა. ანტონია ტრიპოლიტისი (Antonia Tripolitis) კასიანეს ტროპარს (,,მარიამ მაგდალინელის ცნობილი სინანულის საგალობელი“), სხვა სიტყვებით, მეძავის სინანულის ისტორიას უწოდებს. ტრიპოლიტისი ლეგენდარულ ისტორიას იმეორებს, რომელიც იმპერატორ თეოფილეს ფეხებს, ქრისტეს ფეხებთან აკავშირებს. ეს ლეგენდა, ამავდროულად, კასიანეს სურვილს, სახარებაში აღწერილი უცნობი ქალის სურვილთანაც აკავშირებს, რომ იმპერატორმა მის კელიასა და პოეზიაში შემოაღწიოს.
ტრიპოლიტისი შენიშნავს, რომ ,,ეს ამბავი სიმართლეს არ უნდა შეესაბამებოდეს.“ თუმცა, ჭეშმარიტება ისაა, რომ ინფორმაცია უკვე ამ ფორმით იყო გავრცელებული. ცოდვილ ქალს, რომელმაც ქრისტეს საცხებელი სცხო, საუკუნეთა განმავლობაში, კასიანეს მამაკაცმა კოლეგებმა ხოტბა შეასხეს. მათ ,განჭვრიტეს ,,ცოდვილი“ ქალი, რომელმაც საკუთარი ტრფიალება სხვა მამაკაცებიდან ქრისტესკენ მიმართა. თავის მხრივ, კასიანემ, ამ ტრადიციის ეროტიკულობას ხაზი არ გაუსვა, გმირს მეძავი არ უწოდა, თუმცა, ქალის ცოდვილი ბუნება ნებისმიერი ინტერპრეტაციისთვის ღიად დატოვა. კასიანეს მიერ აღწერილ ცოდვილ ქალს შეიძლება ეროტიკული სურვილები კი ჰქონდა, მაგრამ მეძავობის ან სექსუალური მოქმედების საფუძველია არსად არ ჩანს. კასიანეს არცერთ მამაკაც კოლეგას არ უფიქრია, რომ საკუთარი თავების შესახებ დაეწერათ, როდესაც პირველი პირის მხოლობით რიცხვში ეროტიკული ტრფიალების შესახებ წერდნენ. ამ დროს კი, კასიანემ, მარიამ მაგდალინელის კომპლექსის მიზიდულობის ძალით საკუთარ ტექსტში შეაღწია.
არ მსურს, რომ ვინმეს ტვინში აზრები ჩავაწვეთო (და ვხვდები, რომ ეს ტელე-სერიალების რეჟისორებისა და მეტ-ნაკლებად საერო ბიოგრაფიის მწერალთათვის ცუდი ამბავი იქნებოდა), მაგრამ სავსებით სავარაუდოა, რომ კასიანე მიზიდველი სულაც არ იყო და რომანტიკულადაც გულგრილი პიროვნება გახლდათ. რამდენადაც ჩვენ ვიცით, რომ იმპერატორთან ტრფიალებითი ურთიერთობაზე მეტად, მას სხვა რაღაცეები აინტერესებდა. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ტრიპოლიტისი ერთადერთი თანამედროვე ავტორია (შეიძლება მკვლევარიც კი), რომელმაც ზემოთაღნიშნული თეორია განავითარა, შედეგად კი სიბრალული აღარ გვეუფლება კასიანეს სიმამაცის გამოვლინების შემდეგ. მარიამ მაგდალინელის კომპლექსით შებორკილი კასიანე სხვისი სურვილების ტყვე გახდა, იმ დროს, როდესაც თავად განაცხადა, რომ ,,გულწრფელად მოსაუბრე უსირცხვილო ადამიანი სძაგს“ (კასიანეს არალიტურგიკული იამბიკონი).
იქნებ Capella Romana-ს მიერ ბოლო დროს გამოქვეყნებული ჩანაწერი კიდევ ერთხელ გვაძლევდეს დიდ ჰიმნოგრაფთან შეხვედრის საშუალებას და იქნებ იგი ბიზანტიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პოეტად და კომპოზიტორადაც ვაღიაროთ, იმისდა მიუხედავად, მას ტრფიალების სურვილი ჰქონდა თუ არა.
თომას არენცენი (Thomas Arentzen) არის უპსალას უნივერსიტეტის ლინგვისტიკისა და ფილოლოგიის განყოფილების მკვლევარი და ლუნდის უნივერსიტეტის (შვედეთი) ეკლესიის ისტორიის დოცენტი.