თეოლოგია და ფსევდო-თეოლოგია ციფრული ტექნოლოგიის ეპოქაში

0

ჯონ ა. მონაკო (John A. Monaco)

რთულია იმის უარყოფა, რომ ჩვენ ,,ციფრულ ეპოქაში“ ვცხოვრობთ, ხანაში, რომელიც ვირტუალურსა და ელექტრონულზე გადასვლით ხასიათდება. COVID-19-ის პანდემიამ ეს ტენდენცია უბრალოდ დააჩქარა და შეუქცევადი გახადა. რაც შეეხება ეკლესიას, სამრევლოები პირდაპირ ეთერში მაუწყებლობისთვის არიან აღჭურვილნი, ხოლო ფუნქციონირებადი და განახლებული ვებ-გვერდის საჭიროება კი დღევანდელზე უფრო აქტუალური არასოდეს ყოფილა. აკადემიურ სფეროსთან დაკავშირებით უნდა აღვნიშნოთ, რომ ვირტუალური სწავლება მეინსტრიმული გახდა, ისევე, როგორც ონლაინ კონფერენციები და ვებინარები, რომლებშიც მკვლევრებს საკუთარი სახლის კომფორტული ზონიდან შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. ამ ინოვაციების მოზღვავების ფონზე, ერთი ცვლილება გამორჩეულ ყურადღებას იმსახურებს- საღვთისმეტყველო განათლება ვირტუალურ ხანაში.

ქრისტიანობამ, დაარსებიდან მოყოლებული, ეფექტური კომუნიკაციისათვის საჭირო საშუალებები აქტიურად აითვისა. ამიტომ იყო, რომ მაგალითად პავლე მოციქული სხვადასხვა საეკლესიო თემებს გამოქვაბულის კედლებზე კი არ უხატავდა ნახატებს, არამედ წერილებს უგზავნიდა. წერილების წერიდან მოყოლებული საღვთისმეტყველო ტრაქტატების შექმნამდე, რადიომდე, ტელევიზიამდე და ჩვენს თანამედროვე ინტერნეტამდე, ქრისტიანი ლიდერები მიიჩნევდნენ, რომ კეთილი უწყებების გასავრცელებლად კომუნიკაციის საუკეთესო ფორმების გამოყენება იყო საჭირო. თუმცა, ინტერნეტის დემოკრატიზაციამ (იმ ფაქტმა, რომ ბლოგის გამოქვეყნება ან ვიდეოს ატვირთვა ნებისმიერს შეუძლია), საღვთისმეტყველო განათლებისთვის უარყოფითი შედეგები მოიტანა. ცრუ-მოძღვრები ყოველთვის არსებობდნენ, თუმცა მათ არასოდეს შეეძლოთ, რომ მილიონობით ადამიანამდე წამებში მიეღწიათ.

ამგვარად, ციფრულ ხანაში არსებობს როგორც თეოლოგია, ასევე, ფსევდო-თეოლოგია. ამით იმას ვგულისხმობ, რომ ის არხები, რომლებიც ავთენტური და აკადემიური თეოლოგიის გასავრცელებლად გამოიყენება, ასევე, ხელმისაწვდომია (ხშირად უფრო დიდი რაოდენობითა და აქტიურობით), იმისათვის, რომ ,,თეოლოგია გამოიშიგნოს,“ ამგვარი თეოლოგია კი ძირითადი და ფუნდამენტური თანმიმდევრულობის ნაკლულევანებას განიცდის. საჭიროა მხოლოდ YouTube-ს საძიებო ველში აკრიფოთ ,,მართლმადიდებლური ქრისტიანობა,“ რომ უმალ იხილავთ ,,სავარძელში მჯდომ უამრავ ექსპერტს“ (შესაძლებელია აქ ავტორი გულისხმობს ცნობილ პოდქასტს- “Armchair experts.“ მთარგმნ. შენიშვ.), რომლებიც ათასობით მაყურებელში ავრცელებენ საკუთრ არამართებულ ხედვებს. შესაბამისი საღვთისმეტყველო განათლებისა და წვრთნის გარეშე, ისინი საკუთარ მსმენელებს ეუბნებიან, რომ სამმაგი შთაფვლის გარეშე აღსრულებული ნათლობა ,,ძალადაკარგულია,“ რომ კათოლიკური და მართლმადიდებლური თანაზიარება ,,სქოლასტიციზმის“ გამო შეწყდა (არ უწყიან, რომ მართლმადიდებლობასაც აქვს საკუთარი სქოლასტიკური ტრადიცია), ამას გარდა, ისინი კვლავაც მიმართავენ ძველ, გადამღერებულ დავებს პაპობის, მარიოლოგიისა და ეკუმენიზმის შესახებ. სხვადასხვა სოციალური მედია-პლატფორმების საშუალებით ფსევდო-თეოლოგია ტვიტებისა და მემების საშუალებით მყისიერად ვრცელდება, ხოლო მონოგრაფიები და საგულდაგულოდ შესრულებული კვლევები კი ხელუხლებელნი და დამტვერილნი რჩებიან.

იმის მიუხედავად, რომ ამგვარი პოლემიკური და დაუსაბუთებელი შეხედულებები ჩვენი ეპოქისთვის ახალი საერთოდ არაა, საგანგაშოა, თუ როგორ მრავლდებიან ისინი და ფართო აუდიტორიაზე ახდენენ გავლენას. მაგალითად, ერთი კონკრეტული, ინტერნეტში პოპულარული პიროვნება (რომელიც დასავლეთში ფაქტობრივად ,,მართლმადიდებლობის“ საჯარო სახე გახდა), ტვირთავს ათასობით ისეთ ვიდეოს, რომლებიც მართლმადიდებლური ქრისტიანობის იმგვარ არაისტორიულ და შემოზღუდულ ხედვებს გამოხატავენ, რომელთა პოვნასაც 30 წლის წინ მარგინალური კრებულების ბროშურებში შევძლებდით. მაგალითად, მართლმადიდებლურ ტრადიციაში natural theology-ს შესახებ ერთი მკვლევრის რეფლექსიას 1 400 ნახვა ჰქონდა, მაშინ როდესაც, ზემოთნახსენები ადამიანის ვიდეომასალამ რომის, ეკუმენიზმისა და კათოლიკეთა კერპთაყვანისმცემლობის შესახებ 30 000 ნახვა დააგროვა. თუკი სამრევლოს მღვდლის პრეზენტაცია სახელწოდებით ,,გეი ხატმებრძოლეობა: რადიკალურ LGBT დღისწესრიგთან ბრძოლა“ 78 000 ნახვას აგროვებს, უფრო დეტალურ და მაღალი დონის დისკუსიას მართლმადიდებლური ტრადიციისა და ერთსქესიანი იდენტობის შესახედ 400 ნახვაზე ნაკლები აქვს. კომენტარების განყოფილებაში ხშირად შეხვდებით ხალხს, რომლებიც მართლმადიდებლობაზე საკუთარ გადმოსვლას ამგვარ პოპულარულ ორატორებს მიაწერენ. ჩემი პირადი გამოცდილებით რომ ვთქვა, უფრო მეტად ისეთი ადამიანები შემხვედრიან, რომლებიც მართლმადიდებლობაზე საკუთარ გადმოსვლას YouTube არხებს უკავშირებენ და არა რეალურ, სამრევლო კრებულის გამოცდილებაში ცხოვრებას.

დღეს, მართლმადიდებელი თეოლოგების დეფიციტი არ არსებობს, თუმცა, მათი აკადემიური მოღვაწეობისადმი ნაკლებობა კი ნამდვილად შეინიშნება. ძალიან ღრმა უფსკრული არსებობს ამ მკველავრთა ნაშრომებისა და იმ შინაარს შორის, რაც უმრავლესობას აინტერესებს. რა თქმა უნდა, სამეცნიერო საზოგადოებას ძირითად აუდიტორიად ისევ აკადემიური სფერო ჰქონდა და ეს სპეციალიზირებული საზოგადობის სივრცეა, მაგრამ დღეს ის ხდება, რომ ვისაც მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების სხვათადმი სწავლება შეუძლია და შესაბამისი კვალიფიკაციაც გააჩნია, მართლმადიდებელი ქრისტიანების მასწავლებელი არაა. თვით მოძღვრებმაც კი, რომლებიც ოდესღაც ცოდნისა და განათლების მთავარ წყაროდ მიიჩნეოდნენ, ციფრული ხანის გამო გავლენები დაკარგეს. იმის ნაცვლად, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანები სულიერად სამრევლოს მღვდლის ან მოძღვრის მიერ აღიზარდონ, ისინი, უფრო მეტად, ინტერნეტში მყოფ იმ უცხოთა გავლენას განიცდიან, რომლებსაც პრეტენზია აქვთ, რომ სარწმუნოების ავტორიტეტული მასწავლებლები იყვნენ და რომელთა ალღოს უნარი ციფრულ კომუნიკაციებში მოწყვლადი გონებების ცდუნებას იწვევს. მარტივად რომ ვთქვათ, სავსებით შესაძლებელია, რომ ადამიანებს (რომლებიც თავს ქრისტიანად მიიჩნევენ), ისეთი ,,გურუები“ ან ინტერნეტ ავტორიტეტები ჰყავდეთ უმთავრეს განმსწავლელებად და მასწავლებლებად, რომელთაც არ აქვს მიღებული ის შესაბამისი ინტელექტუალური, სულიერი ან მორალური უნარები, რომლებიც სარწმუნოების სწავლებისთვისაა საჭირო. ამ დროს კი მართლმადიდებელი თეოლოგები აკადემიური წრისთვის წერას აგრძელებენ და ხშირად იზოლირებულნი რჩებიან საკუთარ მეტაფორულ სპილოს ძვლის კოშკებში. როდესაც ისინი აკადემიურობის დატოვებასა და საჯარო სფეროში გამოსვლას გადაწყვეტენ, მათ დასცინიან და ჰეტეროდოქსებად მოიხსენიებენ.

ჩვენს ციფრულ ხანას სხვაგვარად ,,ინფორმაციულ ეპოქასაც“ უწოდებენ, იმ აუარებელი მასალის გამო, რომელიც მაუსის ერთი წკაპით ხელმისაწვდომი ხდება. მისი სარგებლიანობის მიუხედავად, ინფორმაციაზე შეუზღუდავი წვდომა შეიძლება საშიშიც გამოდგეს. თუკი ადრე პიროვნება, სხვის განსწავლამდე, ჯერ თავად უნდა განსწავლულიყო ფილოსოფიასა და თეოლოგიაში, ახლა ჩვეულებად იქცა უსწავლელი პედაგოგების არსებობა, რომლებსაც თავად რეალურად არასოდეს უსწავლიათ ის მასალა, რომლის ცოდნაც მოეთხოვებათ. ეკლესიის მამათა ნაშრომებზე ან საეკლესიო კანონებზე წვდომა აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი მის ხელთარსებულ ინფორმაციას იაზრებს. რეალურად, იდეათა ციფრულ ბაზარზე, ყველაზე დაწინაურებულები ისინი არიან, ვინც ხმამაღალი ყვირილით აღშობენ იმათ ხმებს, ვისაც გამოწვლილვითი არგუმენტაცია და განმარტებები აქვთ. რამდენადაც თანამედროვე მსოფლიო ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას განაგრძობს, აუცილებელია, რომ მართლმადიდებელმა თეოლოგებმა ფართო საზოგადოებასთან იმუშაონ. ერთი მიმართულება, რაც ამ ბრძოლაში გამარჯვებას აუცილებლად უწყობს ხელს, საკუთარი თავისა და მოქმედების ჩვენებაა, ხოლო სანამ სიციალურ მედია-პლატფორმებში უშუალო ჩართულობით, უფრო მეტი თეოლოგი იბრძოლებს ფსევდო-თეოლოგიის წინააღმდეგ, ეს მიმართულება ცალმხრივი იქნება.


ჯონ ა. მონაკო (John A. Monaco) არის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი (Duquesne University).