მართლმადიდებელ ეკლესიაში მარხვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა

0

ფილიპ კარიატისი (Philip Kariatlis)

როდესაც დღეს, მართლმადიდებელ ეკლესიაში მარხვის შესახებ ვფიქრობთ, ჩვენი გონება მსწრაფლ გარკვეულ კანონებთან მიდის, რომლებიც გვეუნებიან თუ რა უნდა ვჭამოთ და რა არა. ეს პრაქტიკა განსაკუთრებით დიდმარხვასთანაა დაკავშირებული. ამგვარად, როდესაც ეს ,,ორმოცეული“ მოიწევა, გამოჩნდებიან ხოლმე ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმასთან დაკავშირებით ამახვილებენ, თუ  რომელ დღეს რა საკვები უნდა ვიხმიოთ და რა მითითებებს გვაძლევს ამის შესახებ ეკლესია. ისეთებიც არსებობენ, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას სუპერმარკეტში არსებული გარკვეული სურსათის ყველა ინგრედიენტის გამოწვლილვით შემოწმებაზე ამახვილებენ, იმაში დასარწმუნებლად, რომ მათ მიერ არჩეულ საკვებში არ შედის ისეთი პროდუქტები, რომლის მიღებაც მარხვის პერიოდში ნებადართული არაა. ეს ხალხი მაშინაც ძალიან ხარობენ, როდესაც საკუთარი საყვარელი საჭმლის შემცვლელებს იპოვნიან ხოლმე. მარხვის ამგვარ გააზრებას შედეგად აუცილებლად მოაქვს მის მიმდევრებში იმის დაჯერება, რომ თუკი ისინი საკუთარ ძალისხმევას ,,წარმატებულად“ მიმართავენ ზემოთაღნიშნული რუტინისკენ, მაშინ ისინი აღდგომის ღამით აღდგომილი უფლის მისაღებად იქნებიან მზად.

აქედან გამომდინარე, სამართლიანად დაისმის კითხვა- განა ესაა ის ყველაფერი, რომლისკენაც მარხვა რეალურადაა მიმართული? დიდი მარხვა არის პერიოდი, რომელიც მორწმუნეებს აღდგომის დღეს აღდგომილ უფალთან შესახვედრად ამზადებს. ამგვარად, დაკვირვებით უნდა გამოვიკვლიოთ, ზემოთაღნიშნული აზროვნების ტიპი დასახელებული სულიერი სლვის აღსრულებაში თუ გვეხმარება. რა არის მარხვის რეალური აზრი? იგი ნებადართული ან აკრძალული საკვების ირგვლივ არსებულ კანონებში ხომ არ შევკვეცეთ?

ტრიოდიონის (ლიტურგიკული მსახურების წიგნი, რომელშიც დიდმარხვის არაერთი ლამაზი საგალობელი წერია) გარკვეული საგალობლების შესწავლისას მარხვის ჭეშმარიტი მნიშვნელობის აღდგენა შეგვიძლია. ეს მიდგომა დამაჯერებელია, რამდენადაც მართლმადიდებელი ეკლესიის საგალობლები, უფრო მეტად, მის საღვთისმეტყველო ხედვას გამოხატავენ. რეალურად, ისინი მართლმადიდებელი ეკლესიის საღვთისმეტყველო პერსპექტივას მუსიკალური ფორმით აცხადებენ. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, მსახურებათა გარკვეულ საგალობლებს მოკლედ მიმოვიხილავთ, რამდენადაც ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას მარხვის საეკლესიო გააზრებაზე ამახვილებენ. რეალურად, ისინი მსახურებაში ინტენსიურად უნდა იყვნენ გამოყენებულნი, რათა მორწმუნეებს მარხვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა შეახსენონ. სამწუხაროდ, მარხვასთან ამ საგალობლების კავშირი დაკარგულია და ამგვარად, დღეისათვის მათი მნიშნელობა საკმაოდ დაუფასებელია.

დიდმარხვის ზოგიერთი საგალობელის შესწავლა ნათლად გვიჩვენებს, რომ მარხვის უმთავრესი მიზანი არის ღმერთთან, მოყვასთან და ზოგადად სამყაროსთან ჩვენი ურთიერთობის განახლება. დიდმარხვის პირველი კვირის ორშაბათის მსახურებაზე ვიხსენებთ, რომ მარხვა მთელი ჩვენი არსების  პიროვნულ განწმენდას გულისხმობს და არა უბრალოდ საჭმლის ,,დიეტურ“ მოკლებას.

,,ვიმარხოთ მარხუა, წმიდა სათნო უფლისა. ჭეშმარიტი მარხუა არს, ბოროტთა უცხო ყოფა, დამჭირვა ენისა, აღვირ-სხმა გულისწყრომისა, და განშორება ბოროტთა გულის-თქმათა, და ძვირის-ზრახვისა და ტყუვილისა, და ცრუ ფიცისა. ამათგან უკუე კრძალუა, არს მარხუა ჭეშმარიტი,და სათნო, და მომტევებელი ბრალთა სიმართლისა.“[1]

ამ შემთხვევაში მარხვა განწმენდის დინამიკასთანაა დაკავშირებული. სიწმინდეზე ქრისტეს მოწოდების კვალდაკვალ (იხ. მთ. 5:8), ეკლესიის მრავალი მამა განწმენდას ღმერთთან შესახვედრად გადასადგმელ აუცილებელ პირველ ნაბიჯად განიხილავს. ამგვარად, მარხვას განწმენდისაკენ მიმართული ძალისხმევა სჭირდება. ამ განზრახულებით, ზემოთმოხმობილი საგალობელი სიწმინდისაკენ მოგვიწოდებს.

სიწმინდის მნიშვნელობა (როგორც მარხვის) არ უნდა გაღარიბდეს. სიტყვა კათარზისი  (κάθαρσις) მომდინარეობს კომპოზიტიდან- (κατ-ἄρτιος), რაც უმთავრესად განსრულებისკენ სლვის პროცესს ნიშნავს. ამგვარად, განწმენდა (კათარზისი) გაიგება როგორც შინაგანი თანმიმდევრულობა ან ხასიათის მთლიანობა, რომელიც, ცდუნების წინაშეც, ღვთისადმი სრულად ერთგულია. იგი განყოფიდან განსრულებისკენ თანდათანობით გარდაქმნას მოიცავს. ამგვარად, საგალობლის მიხედვით, ჭეშმარიტი მარხვა ,,განსრულებისკენაა“ მიმართული.

ვნებებისგან თავშეკავების ვალდებულებასთან ერთად, მარხვის მიზანი ისიცაა, რომ მორწმუნეებს ჯვრიდან გარდამომავალი ახალი სიცოცხლის ბრწყინვალებაში შეუძღვეს. სახელდობრ, როდესაც მარხვისას მცირეოდენ ფიზიკურ შიმშილს ვგრძნობთ, ვცდილობთ, რომ იგი იგი ქრისტესადმი ,,შიმშილსა და მწყურვალებაში“ გარდავქმნათ და გარდავცვალოთ. მარხვის ეს გარდამქმნელი ასპექტი დიდმარხვის პირველი კვირის სამშაბათის ტროპარშია აღწერილი: 

,,მარხუა არა ხოლო ჭამადთაგან, მარხუა აღუასრულოთ ძმანო, არამედ ყოველთა ვნებათაგან, რათა მძლავრება ესე ხორცთა, ახოვნებით დავითმინოთ. და ტარიგისა, საღმრთოსა ქრისტეს ღმრთისა, რომელი იგი, სოფლისათვის ნებსით დაიკლა, ზიარებასა ღირს-ვიქმნნეთ და სულიერად ვდღესასწაულობდეთ, მისსა მას, მკუდრეთით-აღდგომასა, სათნოებათა ბრწყინუალეთა სიმაღლედ აღსრულნი, და კეთილთა საქმეთა, და შუენიერთა მოღუაწებათა მიერ, ვახაროთ ღმერთსა მხოლოსა, ტკბილსა კაცთ-მოყუარესა.“[2]

ამგვარად, მარხვა ჭეშმარიტ მნიშვნელობას პოულობს არა მხოლოდ უბრალოდ საჭმლისგან თავშეკავებაში, არამედ, ასევე, ჩვენი თავის ყოველგვარი სხეულებრივი ვნებისაგან განშორებაში… ამგვარად, ჩვენ შევიქმნებით ღირსნი, რომ კრავი… ღვთის ძე მივიღოთ. ამრიგად, ჩვენ სათნოებათაგან ტკბობის სიმაღლეზე ავიზიდებით და კაცობრიობის მოყვარული ღმერთის ენერგიებს შევიტკბობთ.

შესაბამისად, შეგვიძლია იმის თქმა, რომ მარხვა მაშინ პოულობს თავის ჭეშმარიტ მნიშვნელობას, როდესაც საზრდელისგან თავშეკავება დაკავშირებულია შინაგან ბრძოლასთან, განწმენდის დინამიკითა თუ სინანულით ღვთისადმი ჩვენი მგზნებარების გაძლიერებასთან, ზმინდა ზიარებაში განსრულებასთან.

ჭეშმარიტ მარხვაში მატერიალური და სულიერი ასპექტების ბალანსის დაცვის გარდა, მესამე განზომილებაც არსებობს, სახელდობრ, მოყვასისადმი პრაქტიკული თანაგრძნობა. ეს პირველშეწირულის პირველი ლიტურგიიდან ნათლად ჩანს:

,,ვიმარხვიდეთ რა ხორციელად, სულიერიცა მარხუა ვიმარხოთ ძმანო, სრულ-მყოფელი მისი განხეთქოს ჩუენი გულარძნილება, მძლავრობით ვაჭრობისა და, ხელით-წერილნი იგი სიცრუვისანი. ვჰსცეთ მშიერთა პური ჩუენნი გულითა მხიარულითა, და გლახაკნი უსართულონი შევიყუანნეთ სართულსა ჩუენსა, რათა მოვიღოთ ჩუენ, ქრისტეს ღმრთისაგან აურაცხელი დიდი წყალობაი, და გუესმას საწადელი იგი ხმაი, მოვედით კურთხეულნო, მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი.“[3]

ჭეშმარიტი მარხვა არა მხოლოდ საზრდელისაგან თავშეკავებას მოითხოვს, არამედ პრაქტიკულ საქმიანობასაც, რომელიც, ამ შემთხვევაში, უსამართლობას აღემატება და ქველმოქმედებას, უცხოთშეწყნარებას მოიცავს, გასაკუთრებით მათდამი, ვისაც ეს ძალიან სჭირდება. მარტივად რომ ვთქვათ, საგალობელი გადმოგვცემს, რომ შეუძლებელია ჭეშმარიტი მარხვა ,,სხვისადმი“ სიყვარულის გარეშე არსებობდეს, განსაკუთრებით მათდამი, ვისაც ეს ძალიან სჭირდებათ. და ბოლოს, მარხვა არა მხოლოდ ღვთისადმი ჩვენს დამოკიდებულებას შეგვახსენებს, არამედ, ასევე, ხშირად დავიწყებულ ჭეშმარიტებას, რომ ,,სხვების“ უკან ღვთის სახე დგას.   

ამ ძალისხმევის გარეშე (რომ საკუთარი თვალები ჩვენს მოყვასის სახეში ღვთისა და მთელი მისი შესაქმის დანახვისკენ მივმართოთ), უბრალო მარხვას აზრი არ აქვს. მეორე მხრივ, როდესაც მარხვა ჭეშმარიტი წესით აღესრულება, იგი დადებითი მოქმედება ხდება და საღვთო გამოცხადების მსგავსად, აღდგომილი უფლის მშვენიერებასა და ბრწყინვალებაში აღგვამაღლებს.


ფილიპ კარიატისი (Philip Kariatlis) არის წმინდა ანდრიას მართლმადიდებლურ კოლეჯში (სიდნეი, ავსტრალია) ღვთისმეტყველების სრული პროფესორი და ამავე სასწავლებლის აკადემიური დირექტორი.


[1] Δευτέρα Α’ Εβδομάδος. Αποστιχα.

[2] Τρίτη Α’ Εβδομάδος απόστιχα

[3] Τετάρτη Α’ Εβδομάδος, στιχηρά