ხალხური ტრადიციები და მართლმადიდებლური კულტურული შემოქმედების ავთენტურობა

0

ნიკ ჰარტმანი (Nic Hartmann)

მართლმადიდებლური კულტურა ცოცხალი და ძლიერია. ის არის იმ პურში, რომელსაც სიყვარულით აფუებს ლიბანელი ბებია თავისი ვაჟის დაბადების დღისთვის; არის სააღდგომო კალათებში, ბავშვების სასაცილო შეცდომებში, როცა ისინი სხვადასხვა ენებზე ამბობენ „ქრისტე აღდგა“, როგორც ეს ჩვენს თემშია; არის ახალგაზრდულ ბანაკებში, ჩვენს მისიონერობასა და იმ კამათებში, რომელიც ჩვენს მეზობელ სამრევლოებთან და მართლმადიდებელ დედებთან გვაქვს. ეს არის ერის ცხოვრება, რომელიც ცოცხლად იმარხავს მართლმადიდებლურ კულტურას.

ტუსონის ხალხური კულტურის ჩრდილო-დასავლური კავშირი, (რომელიც  არიზონას უნივერსიტეტის ეგიდით ხალხურ ხელოვნებას ემსახურება), ხალხურ კულტურას განიხილავს როგორც „ადამიანური გამოცდილების არაფორმალურ, მაგრამ ნაცნობ მხარედ, რომელსაც ვერ ნახავთ კულტურის ოფიციალურ არქივებში (რომლებიც მუზეუმებსა და უნივერსიტეტებში ინახება). ფოლკლორი შეიცავს ენას, მუსიკას, ცეკვას, თამაშობებს, მითებს, ადათ-წესებს, ხელნაკეთობებს, არქიტექტურას, საჭმლის მომზადებას, ხუმრობებს, იუმორს და სხვა ნებისმიერს, რასაც ადამიანები ერთმანეთში განიხილავენ და ყოველდღიურად აკეთებენ.

სწორედ ამ სფერომ მიბიძგა გავმხდარიყავი მართლმადიდებელი ამ რამდენიმე ათწლეულის წინ, როცა სამაგისტრო განყოფილებაზე ვსწავლობდი.

როგორც ფოლკლორისტმა, უამრავი სილამაზე და მომხიბვლელობა დავინახე ამ ერთობაში. შევისწავლე კულტურის შინაარსი და რელიგიური ხელოვნება, რამაც შესაძლებლობა მომცა დამეფასებინა მართლმადიდებელ ხელოვანთა ერთობები, რომელნიც დაკავებულნი არიან სამღვდელო შესამოსლების კერვით, ხატწერით და ,ასევე, საბავშვო წიგნების მხატვრული გაფორმებით. გამოცდილებითი და გრძნობითი ეთნოგრაფიის ირგვლივ კვლევამ შემაძლებინა შემეფასებინა საკმევლის სურნელება, სანთლის ნათელი და ბიზანტიური გალობის ხმოვანება, როგორც სარწმუნოებითი გამოცდილების მთლიანობის ნაწილი. პატარა ჯგუფების აქტიურობის ირგვლივ მსჯელობებმა და შემოქმედებითმა პრაქტიკამ ჩამომიყალიბა ერთგვარი გაგება, თუ როგორ აღვიქვამდი მაგ. დაკრძალვისას მწუხარების გამოხატვის მართლმადიდებლურ ფორმას, რელიგიური იდენტობის ციფრული გამოხატულებასა და ჭიქა ყავის დასალევად ერთ ზიარ ტრაპეზთან შეკრების წესს.

მართლმადიდებლებს საკმაოდ მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა გვაქვს და ეს სიმდიდრე ორიათასწლოვანი გამოცდილების თეოლოგიურ სიღრმეებს ავსებს, რაც ქრისტესმიერ ცხოვრებაში ყველა ჩვენგანს აერთიანებს.   

მიუხედავად ამისა, ერთგვარი უკმაყოფილება და შიშიც შეიმჩნევა, რომელიც ჩვენი კულტურული სიმდიდრის აღქმის (გაგების) უკმარობას გვიჩვენებს. ბოლო წლებში მართლმადიდებლურ საზღვრებში კულტურული პრაქტიკის განვითარების გამიზნულობით, „მართლმადიდებლური კულტურის“ შექმნის მზარდი ტენდენცია შეიმჩნევა, რომელიც ე.წ. პოსტქრისტიანული სამყაროსათვის ერთგვარი პასუხი იქნება. გარდა ამისა, კონკრეტული კულტურებიც არსებობენ, რომლებიც მაგალითებად მიიჩნევიან და რომელთა ირგვლივაც ხელოვანები (გაერთიანებული სამეფოდან თუ რუსეთიდან) ტრიალებენ. განსაკუთრებით კი რუსეთი მიიჩნევა პოლიტიკურ და სოციოკულტურულ შუქურად, რომლისკენაც, ამერიკელ მართლმადიდებლებს სწორება უნდა ჰქონდეთ, რათა ქრისტიანული ცხოვრების განცდის წინამძღვრობა მიიღონ.

ამგვარი განმარტებები ფოლკლორში  რაიმე სიახლეს არ წარმოადგენენ. რეალურად, მათ უკან არსებული რომანტიკული ნაციონალისტური იდეები და კულტურული ესენციალიზმი (რომელიც მათთვის დასაყრდენია), XIX საუკუნის ადრეული ფოლკლორის კვლევის ნარჩენებს წარმოადგენენ. იმ პერიოდში, მკვლევარები აფასებდნენ იმ ფოლკლორს, რომელსაც თავად მიიჩნევდნენ ავთენტურად, მაგრამ გამორიცხავდნენ მათი აზრით არაავთენტურებს. დამატებით ვიტყვით, რომ კულტურულმა პოლიტიკამ იმასთან მიმართებაში თუ რა იყო მშვენიერი და რა წმინდა, გამოიწვია მრავალი, მაშინ არსებული კულტურული პრაქტიკის იძულებით შეცვლა მშვენიერისა და წმინდას უცხოური გაგების გამო. დეივიდ უისნანთი (David Whisnant) ფუნდამენტურ ნაშრომში – All That is Native and Fine (რომელშიც გაანალიზებულია კოლონიების -ახალდასახლებების- კულტურული პოლიტიკა და აპალაჩების ხალხური სკოლების მოძრაობები), ხაზს უსვამს იმ ფორმას, რომლის მეშვეობითაც ,,გარე ძალებმა“ „კარგი“ კულტურული პრაქტიკის შესახებ ანგლოსაქსონური და სკანდინავიური გაგება შემოიტანეს (იქ მცხოვრებთა შოტლანდიურ-ირლანდიური მემკვიდრეობის იგნორირების ხარჯზე), შედეგად კი ესენციალისტურ იდეები შეიქმნა (როგორც ამას თავად უისნანთის ნაშრომის სათაური ამბობს), თუ რა არის მშობლიური და რა მშვენიერი.

ამ მოძველებულმა და პრობლემურმა კონცეპტებმა, XIX და XX საუკუნეში, ადრეული კულტურული პრაქტიკა ჩამოაყალიბეს და „მართლმადიდებლური კულტურის“, როგორც არსებული მდგომარეობის ალტერნატივის შექმნის მცდელობებისათვის გახსნეს გზა. ეს მცდელობები ძირითადად ჯოზეფ ქემპბელის (Joseph Campbell)  გავლენით შექმნილი სტატიებისა და podcast-ების მეშვეობით  წარმოჩნდება, რომელთაც ხშირად იმოწმებენ. იუნგისაგან (Jung) ინსპირირებულ ქემპბელის ნაშრომებს, ბევრი ფოლკლორისტი უგულებელსყოფს, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ფსიქოანალიტიკური კვლევები არაა საკმარისი ადამიანურობის გასაგებად, არამედ იმიტომაც, რომ ისინი საგნების მოქმედების აღმოჩენის მხოლოდ ერთ ფორმაზე კონცენტრირდებიან (უფრო მეტი ამის შესახებ იხილე შემდეგ ფოლკლორისტებთან: Jeana Jorgensen, Barre Toelken  Alan Dundes). ის, რაც ზოგიერთთათვის მშობლიური და მშვენიერია, ამავე დროს წინააღმდეგობრივი და იზოლაციონისტურიცაა.

პოლიფონიურობის აღორძინებამ (რაცპოსტ-კოლონიალურ და რეგიონების კრიტიკულ კვლევებთანაა კომბინირებული), აჩვენა, რომ ქემპბელის ნაშრომი არაა საკმარისი სამყაროს ასახსნელად. მიუხედავად ამისა, იგი მაინც ასრულებს რაღაც როლს იმ ადამიანების აზროვნების ჩამოყალიბებაში, რომლებიც მართლმადიდებლურ სამყაროს განეკუთვნებიან და „ახალი კულტურის“ შექმნა სურთ. ეს გასაგები იქნება, თუ მხედველობაში მივიღებთ ქემპბელის ნაშრომის  შეთვისებას ისეთი პიროვნების მიერ, როგორც ჯორდან პიტერსონია (Jordan Peterson). ეს მწერალი მრავალ მართლმადიდებელს ჰყავს აკვიატებული თანამედროვე კულტურის მისეული კრიტიკის, თავად მისი პიროვნულობისა და ტოტალიტარიზმის მისეული ძველი კვლევების გამო.

ახალი მართლმადიდებლური კულტურული მოძრაობის შექმნის მცდელობით ვუკავშირდებით მთავარეპისკოპოს ელპიდოფოროსის მიერ გაჟღერებულ იდეას- (იხ. refutation of Rod Dreher’s Benedict Option) „ქრისტიანული ხასიდიზმის“ ფორმის უარყოფას, რომელიც გარეგნულ ფორმებზე დაყრდნობით სეპარატიზმისკენ მიისწრაფვის. რომანტიკოსი ნაციონალისტების ეპოქის სამყარო ავთენტური იყო,  მაგრამ ის უარყოფილ იქნა მათგან, ვისაც პრივილეგია ჰქონდათ სელექციურად გადაეწყვიტათ სხვასთან შედარებით თუ რა იყო კარგი და რა ღირებული. ამიტომაც, ის მოწყდა სხვებს, ხან რასისტი პოლიტიკოსების და ხანაც „სხვის“ ფენომენის კოლონიალისტური გაარსებითობის გამო, რაც კარგად ჩანს ანთროპოლოგიის მრავალ მუზეუმში.

თუკი ჩვენ, ჩვენს ეკლესიაში ახალი „მართლმადიდებლური კულტურის“ შექმნას ძალიან შევეცდებით, ჩვენი ძმებისა და დებისაგან იზოლაციისა და მათი ცხოვრების არასრულყოფილად მიჩნევის საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით. თუ ჩვენ მათთან დაახლოებასა და თანაცხოვრებას, მათი ისტორიების მოსმენას მოვისურვებთ, დავინახავთ, რომ ისინიც საკუთარი თეოლოგიის განცდით ცხოვრობენ და არ შემოისაზღვრებიან ამ თეოლოგიის უბრალოდ კითხვითა და მასზედ მსჯელობით.

ნაცვლად არარსებულის შესახებ გლოვისა, იქნებ სჯობს თავად გავხდეთ ფოლკლორისტები ჩვენსავე სამრევლოებში. ვისწავლოთ მოსმენა და ჩვენი გამოცდილებების გაზიარება; და ავანთოთ სანთლები ლოცვისას, რომ ყოველდღიურობის მშვენიერება ჩვენი ეკლესიის მშვენიერებას შეეზიაროს.


ნიკ ჰარტმანი (Nic Hartmann) არის ფოლკლორისტი, კომიქსების ხელოვანი და Mount Mercy-ის უნივერსიტეტის დამხმარე პროფესორი.