აია სოფიას ვირტუალური და სულიერი კავშირები

0

რობერტ ნელსონი (Robert Nelson)

როგორც ბიზანტიური ხელოვნების ყველა ისტორიკოსი, აია სოფიას მეჩეთად გადაკეთებით მეც შეშფოთებული ვარ. იქიდან გამომდინარე, რომ პანდემიის გამო მოგზაურობა არ შემიძლია, შენობის ამჟამინდელ მდგომარეობაზე მხოლოდ ინტერნეტში არსებულ და ჩემი მეგობრების მიერ გამოგზავნილი ფოტოებიდან გამომდინარე შემიძლია ვიმსჯელო. მეგობართაგან აუცილებლად აღსანიშნავია დევიდ ჰენდრიქსი (David Hendrix), რომელმაც ზემოთატვირთული ფოტო მომაწოდა. როგორც მასზე ვხედავთ, ეკლესიაში არსებული მოზაიკები დაიფარა, რათა ლოცვისას მუსლიმები არ გაღიზიანებულიყვნენ. მოზაიკათაგან ორი, მთავარი ტაძრის უკანა ნაწილში, აფსიდის კონქებზე მდებარეობს, ერთი მათგანი ღვთისმშობელს გამოხატავს, მეორე კი, მარჯვენა მხარეს, მშვენიერ ანგელოზს.

ტაძრის დიდებული ბიზანტიური იატაკი ხალიჩებითაა დაფარული, ამგვარად კი იმალება ის, რასაც ბერძნული წყაროები ,,მდინარეებს“ უწოდებენ, სახელდობრ მუქი მწვანე ფერის მარმარილოს ზოლები, რომლებიც ტაძარს მთელს სიგანეზე გასდევენ. ოდესღაც ისინი ლიტურგიკულ პროცესიაში საორიენტაციოდ გამოიყენებოდნენ, ცარცის იმ ნიშნულთა მსგავსად, რომლებიც კორდებალეტის წევრებს დგომის ადგილებს უჩვენებენ. ამ მარმარილოს დაფების ხილვისას პატრიარქის, ეპისკოპოსების, მღვდლების, დიაკვნებისა და მგალობელთა გუნდის წევრების დიდებულ მსვლელობებს წარმოვიდგენდი ხოლმე, რომლებიც სხვებზე ადრე კვეთავდენ ტაძარს, რათა ლიტანია კონსტანტინოპოლის რომელიმე სხვა ადგილზე გაეგრძელებინათ. მარმარილოს ,,მდინარეებისა“ და ღვთისმსახურებისას მათი გამოყენების შესახებ, არქიტექტურისა და ლიტურგიის მკვლევართაგან შევიტყვე. ზოგიერთმა მათგანმა, შუა საუკუნეების პერიოდში აია სოფიას წარმოსადგენად უფრო მეტიც გააკეთა. აქ მინდა ბისერა პენტჩევა (Bissera Pentcheva) დავასახელო, რომელმაც, კოლეგებთან ერთად ტაძრის აკუსტიკური ექოების რეკონსტრუქცია მოახერხა. მათ მიერ წარმოდგენილი შენობის აკუსტიკური მახასიათებლების გათვალისწინებით, Cappella Romana-მ ჯვართამაღლების დღესასწაულის საგალობლები ჩაწერა, სადაც ხმის ჟღერადობა აია სოფიას აკუსტიკას წააგავს. ახლა, როცა ამ სტრიქონთ ვწერ, მე ზემოთდასახელებულ ჩანაწერებს ვუსმენ და უკან, კონსტანტინოპოლში ვმოგზაურობ.

ვწერ New Haven-იდან (CT,USA), შობის წინა დღეს, ვირტუალურ მსახურებათა უცნაურ ეპოქაში. ჩემს ეპისკოპალურ ეკლესიაში (New Haven) მარტის შემდეგ აღარ ვყოფილვარ, მაგრამ ონლაინ მსახურებებს კი ვესწრები და ამ ღამითაც იგივეს ვაპირებ. მათ მიმაჩვიეს, რომ ვუყურო და ჩემი თავი საღვთო მსახურებაზე დამსწრედ წარმოვიდგინო. სტატიის წერისას ნიკოლას დენისენკოს რედაქტორობით გამოცემულ წიგნს ვკითხულობ (Icons and Liturgy, East and West, edited by Nicholas Denysenko), რომლებიც საღვთისმსახურო ნივთების გამოყენებას მიემართება. ყველაზე მნიშნელოვანი ტექსტები ნიკეის მეშვიდე მსოფლიო კრების (787) განჩინებებიდან მომდინარეობენ. ეს გახლავთ ბოლო კრება, რომელიც ეკლესიაში მსოფლიო კრების სახელითაა ცნობილი. კრების პარაფრაზირებით ვიტყოდი, რომ ხატმწერებს შეუძლიათ, რომ ხატწერისას გამოიყენონ ნებისმიერი საშუალება, რომელსაც საჭიროდ ჩათვლიან, მაგრამ საკუთრივ ეკლესია კი ამ ხატთა შინაარსსა და მნიშვნელობას განსაზღვრავს. მკვლევრებმა ეს იდეა კიდევ უფრო განავითარეს და დაამატეს, რომ ნებისმიერი საღვთისმსახურო ნივთი სრულ მნიშვნელობას მორწმუნის/მნახველის თანამონაწილეობით იღებს. საღვთისმსახურო გამოყენების გარეშე ხატი ხის მოხატული ნაჭერია. ხატი, მასზე გამოსახული წმინდანის გარდა, მორწმუნეთა კრებულსა და სხვა ხატებსაც უკავშირდება. ამ ყოველივეს აია სოფიასთან რა კავშირი აქვს? ტაძარი იმპერატორ იუსტინიანეს მიერ ხუთ წელში აიგო (532-537), შენობა, მისი ლიტურგიები და მორწმუნეები, იმ სულიერი კავშრით გადაეჯაჭვნენ ერთმანეთს, რომელიც ტაძარსა და მორწმუნეებს ქმნის და ფერს უცვლის მათ. ცნობილია, რომ მეათე საუკუნეში ტაძარმა მნიშნელოვნად შეუწყო ხელი სლავების გაქრისტიანებას, მას შემდეგ, რაც კიევის წარმართი უფლისწული ვლადიმერი კონსტანტინოპოლს ეწვია და იმპერატორთან ერთად დიდ ეკლესიაში ღამით აღვლენილ საღვთო ლიტურგიას დაესწრო. რუსებმა ოქროს მოზაიკებით გაფორმებული  უზარმაზარი გუმბათები იხილეს, რომლებიც უამრავი სანთლისა და კანდლის მოკიაფე ნათების ანარეკლებიდან, ბრწყინვალებასა და სიცოცხლეს ასხივებდნენ. მათ იხილეს და შეიტკბეს საკმევლის სურნელება, მოისმინეს გალობა, რომელსაც ტაძრის კამარები ეხმიანებოდნენ და შეძრწუნდნენ. სამშობლოში დაბრუნებულებმა განაცხადეს, რომ აია სოფიაში ,,არ ვიცოდით ცაში ვიყავით თუ მიწაზე… ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ ღმერთი ამ ადამიანებთან მკვიდრობს და მათი რიტუალები სხვა ხალხისას აღემატება.“ შემდგომ, ვლადიმირმა მართლმადიდებლური წესით ნათლისღება გადაწყვიტა და იგივე განაჩინა მისი ოჯახისა და ხელქვეითებისთვის.

ერთმა მართლმადიდებელმა მღვდელმა ერთხელ მითხრა, რომ როდესაც იგი აია სოფიაში მიდის, ლოცვის შთაგონებას იღებს. ეს მე ზემოთ განმარტებულ სამნაწილიან სქემას მაგონებს, მორწმუნე- სარკმელი ლოცვისთვის (ტაძარი ან ხატი)- ღმრთეება, ან წმინდანი (იქნება ეს ქრისტე, ღვთისმშობელი, თუ კონკრეტული წმინდანი, რომლისადმიც თავად ეს ლოცვაა აღვლენილი). აია სოფია საუკუნეებია ქრისტიანული ტაძარი აღარაა, 2020 წელს არაფერი შეცვლილა. თუკი მეჩეთად გადაქცევა შენობას არ დააზიანებს, მაშინ, ქრისტიანული გადმოსახედიდან მხოლოდ მცირედი რამ იცვლება. ჩვენ მას პანდემიისგან მიღებული უნარების საშუალებით, ლოცვისა და რწმენის მეშვეობით კვლავ შეგვიძლია გარს შემოვერტყათ. ამგვარად, იმის მიუხედავად, რომ სტამბოლში და ჩემს საყვარელ ეკლესიაში წასვლა არ შემიძლია, შესაძლებლობა მაქვს იქ გონებით ვმყოფობდე და მოვძებნო ხატები, რომლებიც ჩემს წარმოსახვას გასაქანს მისცემენ. აია სოფიას შესახებ იმ უამრავი წიგნის გარდა, რომელიც შეიძლება გქონდეთ, გირჩევთ დევიდ ჰენდრიქსის მიერ შექმნილ ვებსაიტს- The Byzantine Legacy, სადაც თქვენ ჩემ მიერ ნახსენებ ღვთისმშობელსა და ანგელოზს ნახავთ. როდესაც ლიტურგიას თქვენს სამრევლოში, ან რომელიმე სხვა ტაძარში ვირტუალურად დაესწრებით, შეგიძლიათ გონების მეშვეობით ამ დიდ ეკლესიაში გადაინაცვლოთ და მასთან რწმენის იმ კავშირებით შეერთდეთ, რომლებმაც ეს შენობა ერთხელ გარდაქმნეს და ამ პროცესს დღესაც აგრძელებენ.

რობერტ ნელსონი (Robert Nelson, Robert Lehman) არის ხელოვნების ისტორიის პროფესორი (Yale University).