ცოცხალი გამოცხადებები: ქრისტეს ნათლისღება და შესაქმეს აღდგენა

0

მამა დოქ. ფილიპ ლემასტერსი (Philip LeMasters)

განცხადების ამ დიდ დღესასწაულზე ჩვენ ქრისტეს ნათლისღებას აღვნიშნავთ, როდესაც მამისა ხმამ ღვთის ძედ სახელდო იგი და სული წმინდა მტრედის სახით მასზე გარდამოვიდა. ნათლისღება განაცხადებს, რომ იორდანეს წყლებში მყოფი მაცხოვარი წმინდა სამების ჰიპოსტასია, ღმერთკაცი, რომელიც სამყაროში არსებული წყვდიადის გასანათებლად მოდის. ის ნათელს იღებს, რათა ჩვენ და თავად შესაქმე ძველ დიდებაში აღგვადგინოს.

სამწუხაროდ, ჩვენი პირველი მშობლები მათ მაღალ მოწოდებას განეშორნენ და ხრწნადობისა და მოკვდავობის იმ სამყაროში შეაბიჯეს, რომელსაც კარგად ვიცნობთ. მას შემდეგ, რაც ღვთისადმი ურჩობის გამო ადამმა და ევამ სამოთხე დაკარგეს, უფალმა მათ ტყავის სამოსელი უბოძა. მათ გაიგეს, რომ ურჩობიდან გამომდინარე ისინი შიშვლები და გამოძევებულები იყვნენ ჩვენთვის ნაცნობ სამყაროში. სიშიშვლემ მათ უჩვენა, რომ უარყოფილი ჰქონდათ მოწოდება, რომლის მიხედვითაც ღმერთის მსგავსნი უნდა გამხდარიყვნენ. შემოეძარცვათ რა მათი დასაბამისმიერი დიდება, ისინი მოკვდავ ხორცში დამდაბლდნენ და ვნებებისა და სიკვდილისადმი მონობა განესაზღვრათ, ხოლო მათ გამო კი, თავად შესაქმე ,,დაემორჩილა ამაოებას…“ (რომ.  8:20).

როდესაც ნათლისღებისათვის ვემზადებით, ამ საგალობელს ვისმენთ: ,,განემზადე ზაბულონ, და მზა იქმენ შენ ნეფთალიმ, იორდანე მდინარეო დაჰსდეგ და შეიწყნარე სიხარულით მეუფე მომავალი შენდა ნათლისღებად, იხარებდ აწ ადამ ივას თანა და ნურღარა დაემალვი მის, ვითარცა იგი ოდესმე სამოთხეს, შიშუელნი გიხილნა და თქუენდა მოვიდა, რათა პირველი იგი სამოსელი შეგმოსოს, ქრისტე განცხადნა რათა ყოველნი დაბადებულნი განაახლნეს.“ თუკი უცნაურად გვეჩვენება ვიფიქროთ, რომ ქრისტე იმის გამო მოინათლა, რათა ადამი და ევა შეემოსა, შეგვიძლია პავლე  მოციქულის სწავლება გავიხსეოთ: ,,ყველანი, ვინც  ქრისტეში მოინათლეთ, ქრისტეთივე შეიმოსენით“ (გალ. 3:27). ნათლისღებით, იესო ქრისტემ ნათლის სამოსით შეგვმოსა და მადლისმიერად განღმრთობის დასაბამიერი შესაძლებლობა აღგვიდგინა. მან ჩვენ სიშიშვლისა და დაუცველობისგან, ვნებათა მონობისა და სიკვდილის შიშისაგან გვიხსნა. მისი და ჩვენი ნათლისღებით, ქრისტე ადამიანური პიროვნების აღდგენის საქმეში გვრთავს. მან ნათელ იღო, რათა ადამი და ევა, მთელი მათი შთამომავლობა, სრული შესაქმე, იმ დიდებული დანიშნულებით  განესრულებინა, რომლის გამოც თითოეულ ჩვენგანს თავდაპირველად სული შთაგვბერა.

ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი ნათლისღების შემდგომი სიცოცხლე ყოველმხრივ სრულყოფილი იქნება, ტკივილის, ავადმყოფობის, სიკვდილისა და მწუხარების სხვა ფორმების გარეშე. ქრისტეს შობის შემდეგ, ბოროტმა ჰეროდემ ბეთლების რეგიონში მყოფი ყველა ყრმა მოწყვიტა. მათეს სახარება გვაუწყებს, რომ მას შემდეგ, რაც იოანე ნათლისმცემელი შეიპყრეს (სამეფო ოჯახის ცხოვრების ცოდვილი წესის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდების გამო), უფალი ,,გალილეას წარემართა,“ რათა საჯარო მსახურება დაეწყო და ამგვარად ესაიას წინასწარმეტყველება აღსრულებულიყო: ,,ბნელში მსხდომარე ხალხმა იხილა ნათელი დიდი, და ქვეყნად და სიკვდილის ჩრდილში მსხდომთ გამოუბრწყინდა ნათელი“ (მათ. 4:15-16).

მათ, ვინც ჰეროდესა და რომაული იმპერიის უღელქვეშ იტანჯებოდნენ, კარგად იცოდნენ სიბნელისა და სიკვდილის შესახებ. მსოფლიოში მიმდინარე ომის, ტერორიზმის, დევნისა და სხვა დანაშაულების მსხვერპლთა შესახებაც იგივეს თქმა შეგვიძლია. მსგავსი სიტუაციაა იმ ხალხთან დაკავშირებითაც, რომლებიც პანდემიისგან გამოწვეულ დანაკარგზე წუხან და ეკონომიკისა და სოციალური შეჭირვებისაგან იტანჯებიან. თუკი ჩვენი ვნებიანი ფიქრების, სიტყვებისა და საქმეების შესახებ რეალობას გავითავისებთ, იმასაც დავინახავთ, რომ ნათლის სამოსს დღესაც ცოდვის სულიერი სიბნელე გვირჩევნია. ჩვენ კვლავ ჩვენს პირველ მშობლებს მივყვებით, რომლებმაც სიშიშვლე და სისუსტე ახალი ადამის ღვთაებრივ დიდებასა და სიძლიერეს ამჯობინეს.

იოანე ნათლისმცემელი ხალხს მოუწოდებდა, რომ მესიის მოსვლისათვის მოსამზადებლად მოენანიებინათ. იესოს ქადაგებაც მსგავსი თემით იწყებოდა: ,,შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ“ (მათ. 4:17). ჩვენ ჩვენი სიამაყისა და შეიძლება სასჯელის შიშის გამოც არ მოგვწონს, როდესაც სინანულისაკენ მოგვიწოდებენ. თუმცა, ჭეშმარიტი სინანული დადებითი მოვლენაა, რამდენადაც იგი მოგვიწოდებს, რომ ჩვენი სლვა ჭეშმარიტისა და არსებითისკენ მივმართოთ. იგი მოგვიხმობს, რომ უკან მოვიტოვოთ სიბნელე, როდესაც ნათელში შევდივართ. იგი მოგვიწოდებს, რომ შიშველი დაუცველობის ამაო მღელვარება დავუტევოთ, იმ  სიხარულისათვის, რაც ღვთის ძეებისა და ასულების მსგავსად სრულად შემოსილად ყოფნას ნიშნავს.  

ჭეშმარიტი სინანული ჩვენს მთელ სიცოცხლეს განკურნებისა და ფერისცვალებისთვის ქრისტეს უძღვნის. ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩვენ ნათლისღების შემდეგ  სახლს ნაკურთხ წყალს ვაპკურებთ ხოლმე. იორდანეში ნათლისღებით, ქრისტემ წყალი აკურთხა, ცხოველსმყოფელი გახადა და განწმენდის ძალა მიმადლა,  რომლითაც ჩვენი ყოველგვარი წყურვილის დარწყულებაა შესაძლებელი. ნაკურთხი წყალი მთელი შესაქმის, თვით უმცირესი დეტალების ქრისტესეულ კურთხევას გამოხატავს. უფლის ნათლისღება განაცხადებს, რომ თვისობრივად არაწმინდა, ბოროტი და ღვთისგან მოწყვეტილი არაფერია. ქრისტე ყველაფერს სიწმინდის ნათლით ბრწყინვალების საშუალებას აძლევს. ნათლისღების სადღესასწაულოდ, ჩვენი ცხოვრების თითოეული ასპექტის განათლების მოწოდებას უნდა შევუდგეთ. მაცდუნებელია აზრი იმის შესახებ, რომ ამ ასპექტებიდან რომელიმე არსებითად არაწმინდაა.

ქრისტე მოგვიწოდებს, რომ მის მიერ ბოძებული ნათლის სამოსით ვბრწყინავდეთ. ადამის მსგავსად ედემის ბაღში შეშინებულად ყოფნის მაგივრად, ჩვენ ხსნის დიდების ბრძოლაში უნდა ჩავერთოთ. ეს რეალურ სინანულს ნიშნავს, რომელსაც ჩვენს  მაგივრად სხვა ვერავინ გააკეთებს. თუკი გვსურს, რომ ცოდვის სიბნელეს განვეშოროთ და ქრისტეს ნათელს მივეახლოთ, ჩვენ ჩვენი ცხოვრება ისევ ღვთისკენ უნდა მივმართოთ.   

ნათლისღებას ვდღესასწაულობთ, რომ იორდანეს წყლებში ნათელღებით ღვთის მარადიულმა ძემ თავი თვისი დაიმდაბლა, რათა ჩვენ მის საღვთო დიდებაში წილი გვქონოდა. მან ნათელ იღო, რათა ადამი და ევა, მათი ყველა შთამომავალი და მთელი  შესაქმე გამოეხსნა. მან ნათლისღებისას შეგვმოსა, რათა ჩვენი ის სიშიშვლე  დაფარულიყო, რომელმაც ხრწნად მსოფლიოში ვნებისა და მოკვდავობის მონებად გაგვხადა. ნათლისღება შეგვახსენებს, რომ ჩვენ უკვე სამოსის სახით ქრისტე შევიმოსიეთ და როგორც მისმა ძეებმა და  ასულებმა ჩვენი დასაბამიერი დიდება  აღვიდგინეთ. ახლა ჩვენ ქრისტეშემოსილი ხალხის მსგავსად უნდა ვიცხოვროთ,  ჩვენი სულის სიღრმიდან იმ დიდებას უნდა ვაბრწყინებდეთ, რომელიც ღმერთკაცმა გაგვიზიარა. ახლა ჩვენ ჩვენს ცხოვრებაში უნდა დავამოწმოთ, რომ  წინასწარმეტველება რეალურად აღესრულა: ,,ბნელში მსხდომარე ხალხმა იხილა ნათელი დიდი, და ქვეყნად და სიკვდილის ჩრდილში მსხდომთ გამოუბრწყინდა ნათელი“ (მათ. 4:16). იმისათვის რომ ეს დიდი დღე რეალურად ვიდღესასწაულოთ, თითოეულმა ჩვენგანმა გამოხსნის ის ცოცხალი გამოხდადები უნდა გამოავლინოს, რომელიც იესო ქრისტემ მსოფლიოს მოუტანა.    


მამა დოქ. ფილიპ ლემასტერსი (Philip LeMasters) არის რელიგიის პროფესორი (McMurray University, Abilene, Texas).