პატრიარქ კირილესა და ვლადიმერ პუტინის ორი ომი
სერგეი ჩაპნინი (Sergei Chapnin)

რთულია ისაუბრო. რთულია იფიქრო. რთულია ილოცო. ეს შოკია. საშინელებაა იმის გაანალიზება, რომ ამ ომის დაწყებისა არ მჯეროდა. არა, მე ეს საერთოდ არ მჯეროდა. ვფიქრობდი, რომ ომზე ლაპარაკი ლაპარაკადვე დარჩებოდა, რომ ეს იქნებოდა საშინელი ისტორიები, რომლისაც ზრდასრულებს არ ჯერათ. ჩემს უმეტეს მეგობარსაც არ ეჯერათ.
ხუთშაბათ დილით ახალ მსოფლიოში გავიღვიძეთ. ამ ახალ სამყაროში კრემლი ერთდროულად ორ ომს აწარმოებს: მან დიდი ომი წამოიწყო უკრაინის წინააღმდეგ, ხოლო რუსეთის წინააღმდეგ კი ომს აგრძელებს. ორივე ქვეყნის ხალხისთვის ამ ომთა შედეგები მძიმე იქნება. იმ ფონზე, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული აგრესია ღია ომია (რაც დაბომბვებში, ჯარების დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეყვანაში, სამხედრო და სამოქალაქო პირების მსხვერპლში გამოიხატება), რუსეთის წინააღმდეგ წარმოებული ომი აშკარად არ ჩანს. დაჭერები, პოლიტიკური მკვლელობები, ფარსად ქცეული სასამართლო პროცესები, პატიმართა წამება, დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა, იურისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე ზეწოლა- ეს ყველაფერი სამხედრო აგრესიასთან შედარებით თითქმის არაფერია, თუმცა ისინი იმ სასტიკი ომის შემადგენელი ნაწილები არიან, რომელსაც კრემლი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ახორციელებს.
მხოლოდ 24 თებერვალს, იმ დღეს, როდესაც რუსის ჯარებმა უკრაინის საზღვარი გადაკვეთეს, რუსეთის სხვადასხვა ქალაქში 1 700 ადამიანი დააკავეს. თითქმის ყველა მათგანს პუტინის რუსეთის ,,ჯიბის სასამართლოები“ გაასამართლებენ. კრემლს არ მოეწონა, როდესაც რუსეთის მოქალაქეებმა უკრაინასთან ომის წინააღმდეგ ლაპარაკი გაბედეს.
მართლმადიდებელი ეკლესიის ხმა მეომარ ქვეყნებში ისმის? მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა ბოლო დღეებში ორი მიმართვა გაავრცელა. 23 თებერვალს, მაშინ როდესაც რუსეთი ძველ საბჭოთა დღესასწაულს, წითელი არმიის დღეს აღნიშნავდა (,,სამშობლოს დაცვის დღე“- 1993 წელს მას სახელი გადაერქვა), პატრიარქმა კირილმა, კრემლის კედელთან, უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო და მოულოდნელად დიდი ქადაგება წარმოთქვა. უპირვრლესად, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ,,ჩვენ მშვიდობის დროში კი ვცხოვრობთ, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ამ დროს ბევრი საფრთხე არსებობს.“ ე.ი. დონბასში 8 წლის განმავლობაში მიმდინარე ომი, სადაც, ორივე მხარეს, ათასობით ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა (მათგან უმეტესობა კი იმ ეკლესიის წევრი იყო, რომელსაც პატრიარქი უძღვება) პატრიარქისთვის არაფერს არ ნიშნავს. პატრიარქმა აღნიშნა, რომ ,,სამწუხაროდ, ახლაც კი არსებობენ საფრთხეები და ყველამ იცის თუ რა ხდება ჩვენი სამშობლოს საზღვრებთან.“ ე.ი. სამშბლოს საზღვრები ,,წმინდა რუსეთის“ სამშობლოს საზღვრებია, რომელიც დაცული უნდა იყოს, ხოლო სხვა ქვეყნის საზღვრები კი (რომელშიც მას პატრიარქად მოიხსენიებენ), მისთვის არაფერს არ ნიშნავს.
ამ სიტყვებიდან ერთი დღეც არ იყო გასული, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაზე თავდასხმის ბრძანება გასცა.
პატრიარქი კირილი საღამომდე ჩუმად იყო და ეს სიჩუმე მისი მორალური კრახის ყველაზე ნათელი მტკიცებულება იყო. დიახ, მოგვიანებით მან განცხადება გააკეთა, მაგრამ მისი სიტყვები იმდენად მარტივად ჟღერდნენ, რომ ცხადი ერთი რამ გახდა: მას მომხდარის შეფასება არ უნდოდა. მისი სურვილი და მთავარი ამოცანა იყო, რომ ნებისმიერი შეფასებისთვის თავი აერიდებინა. ყველა სტრიქონში ჭეშმარიტების შიში და მისი არაღიარების სურვილი გამოსჭვიოდა.
პატრიარქის მიმართვა პროპაგანდისტული ტექსტის ტიპიური მაგალითი იყო, რომლის შეცვლაც მარტივადაა შესაძლებელი. შემოგთავაზებთ ძირითად მაგალითებს:
- ,,მიმდინარე მოვლენებით გამოწვეულ ადამიანთა ტანჯვას ღრმა და გულითადი ტკივილით აღვიქვამ.“ სიმართლით მეტყველი ადამიანისთვის ისეთი შესაფერისი სიტყვების მოძიება რთული არაა, როგორებიც არიან: ,,აგრესია,“ ,,ომი,“ ,,უკრაინაზე რუსული შეტევა,“,,მეზობელ ქვეყანაზე სარაკეტო იერიში.“ თუმცა, პატრიარქს ბუნდოვანი ენით მეტყველება ურჩევნია და ,,მიმდინარე მოვლენებზე“ საუბრობს.
- ,,მოვუწოდებ კონფლიქტის მხარეებს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად, ყოველ ღონეს მიმართონ.“ აქაც ყველაფერი ნათელია, რუსეთი აგრესორია და უკრაინა საკუთარ თავს იცავს. მათი ერთ ფრაზაში გაერთიანება და ,,კონფლიქტის მხარეებად“ მოხსენიება ამორალურია.
- პატრიარქი წერს: ,,მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან ასარიდებლად.“ რა ხდება მაშინ, როდესაც ჯარისკაცები იღუპებიან? ეს არც ისეთი საშინელია რამაა ხომ პატრიარქისთვის? ამას ეწოდება ,,პროფესიული რისკი?“ მას ურჩევნია, რომ გარდაცვლილი ჯარისკაცები (როგორც უკრაინელები, ასევე, რუსები) დაკრძალოს, ხოლო მათ ცოლებსა და დედებს სიკვდილის მიზეზები აუხსნას?
ამ კონტექტსში, ,,მშვიდობის აღსადგენად ღრმა, მხურვალე ლოცვის აღვლენა“ მაგიურ შელოცვას, ან, საერთოდ ცარიელ ფორმალობას ჰგავს.
მოსკოვის საპატრიარქოს იერარქთაგან მხოლოდ ერთს აღმოაჩნდა იმის გამბედაობა, რომ მოვლენებისთვის შესაბამისი სახელები ეწოდებინა. მოკოვის პატრიარქისგან მკვეთრად განსხვავებით, კიევის მიტროპოლიტმა ონუფრიმ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ხელმძღვანელობს, განაცხადა: ,,უბედურება მოხდა. სამწუხაროდ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთმა საბრძოლო მოქმედებები დაიწყო და ამ საბედისწერო მომენტში მოგიწოდებთ, რომ პანიკაში არ ჩავარდეთ, იყავით გაბედულნი, გამოავლინეთ თქვენი სამშობლოსა და ერთმანეთის სიყვარული. უპირველესყოვლისა, გაძლიერებული ლოცვისაკენ მოგიწოდებთ უკრაინისათვის, ჩვენი ჯარისა და ხალხისათვის. გთხოვთ, დაივიწყოთ ურთიერთ მტრობა და გაუგებრობა. სიყვარულით გავერთიანდეთ ღმერთთან და ჩვენს სამშობლოსთან. ამ ტრაგიკულ მომენტში, ჩვენ განსაკუთრებულ სიყვარულსა და მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს მებრძოლებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე დგანან და იცავენ ჩვენს მიწასა და ხალხს. დაე, ღმერთმა დალოცოს და დაიცვას ისინი! ვიცავთ რა, უკრაინის სუვერენიტეტსა და მთლიანობას, ჩვენ მივმართავთ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და ვთხოვთ, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძმათამკვლელი ომი.“
მიტროპოლიტ ონუფრის მიმართვა 24 თებერვალს გამოქვეყნდა, ბევრად უდრო ადრე, ვიდრე ეს პატრიარქ კირილის შემთხვევაში მოხდა. ისიც აღსანიშნავია, რომ მიტროპოლიტი ონუფრი კაენის ბიბლიურ სახეს იყენებს: ,,უკრაინელი და რუსი ხალხი დნეპრის ემბაზისეული ნათლობიდან გამოვიდნენ და ომი, ამ ხალხს შორის, კაენის ცოდვის გამეორებაა, რომელმაც შურით მოკლა თავისი ღვიძლი ძმა. ასეთ ომს არ აქვს გამართლება არც ღმერთის და არც ადამიანების წინაშე.“ რუსი და უკრაინელი ხალხების ნათესაობაზე ხაზგასმით, ონუფრი რუსეთის მოქმედებებს მკაცრად აფასებს, მათ კაენს ადარებს და ამგვარად, ჩადენილ საქმეთა გამო მორალურ პასუხისმგებლობასაც აკისრებს.
რამდენიმე წლის წინ, პატრიარქ კირილისადმი მიძღვნილ ერთ პანეგირიკში, მიტროპოლიტმა ილარიონმა (ალფეევი) აღნიშნა: ,,როდესაც პატრიარქი კირილი საეკლესიო მსახურებასა და მსოფლიოში მის მისიაზე საუბრობს, მისი მთავარი აზრი ყოველთვის ისაა, რომ ეკლესია ღვთის ჭეშმარიტების საქადაგებლადაა მოწოდებული.“ კარგად ნათქვამია არა? მაგრამ დღეს შეკითხვა პირდაპირ უნდა დაისვას: რა მოხდება, თუკი ეკლესია მისი წინამძღოლის პიროვნებაში ამ საწინასწარმეტყველო ნიჭს დაკარგავს? თუმცა, აქ არა მხოლოდ აწმყოზე, არამედ, წარსულზეც შეგვიძლია, რომ ვილაპარაკოთ. აშკარაა თუ რა აწუხებდათ რუსეთის საეკლესიო იერარქებს (უპირველესად თავად პატრიარქს). ეს კრემლისგან წამოსული იდეოლოგიური დაკვეთის შესრულებაა, ხელისუფლებასთან თანამშრომლობაა, რაც სახარებისეულ მცნებებს სრულიად უგულვებელყოფს და მათ მანიპულაციისათვის ხელსაყრელი ,,ტრადიციული ღირებულებებით“ ანაცვლებს.
სიმართლის განცხადების ნიჭის დაკარგვა განყოფებს იწვევს. საეკლესიო ავტორიტეტის თვალთმაქცობის დანახვისას, სამწყსო (ხან ნებსით, ხანაც უნებლიეთ), პატრიარქისგან წარმოდგენილ ოფიციალურ ეკლესიასა და ნამდვილ ეკლესიას შორის (რომელისკენაც სამწყსო ისწრაფვის) გამყოფ ხაზს ავლებს ხოლმე. თუმცა, ძალიან აშკარაა, რომ ცოცხალი კრებულებისთვის, ოფიციალური ეკლესია მძიმე და უმიზნო ტვირთია.
კიდევ ერთი გამყოფი ხაზი გეოგრაფიული, უფრო სწორად გეოპოლიტიკურია. თუკი ოფიციალური ეკლესია დონბასში მიმდინარე ომის რეალობად აღიარებაზე უარს იტყვის და მზად იქნება, რომ ადამიანთა სიცოცხლე ე.წ. რუსულ სამყაროს შესწიროს, მაშინ, რუსეთსა და უკრაინას შორის ეკლესიოლოგიური განყოფა გარდაუვალი იქნება. თუკი რუსული სამყარო მართლაც რბილი ძალა იქნებოდა და არა იმპერიული ხელკეტი, მაშინ უკრაინის ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოსთან თანაარსებობა შესაძლებელი იქნებოდა. თუკი მათ, ვინც თავისუფლებისკენ ისწრაფვიან და მოსკოვის იმპერიულ ძალადობას გაურბიან, სახელმწიფო პროპაგანდა ,,ნაცისტებს“ მოურიდებლად უწოდებს, ამ დროს კი პატრიარქი დუმს, მაშინ ისინი ასეთ პატრიარქს უნდა გნშორდნენ.
დღეისათვის ცხადია: პატრიარქი საკუთარი სამწყსოს (არც რუსებისა და არ უკრაინელების) პუტინის აგრესიული რეჟიმისგან დასაცავად მზად არაა. ადამიანის ტკივილი მის პრიორიტეტებში არ შედის. ხელისუფლების წინაშე პატრიარქის წუხილი მხოლოდ ისტორიის წიგნებშიღა დარჩება.
მაშინ მომიტევეთ და ვის რაღაში სჭირდება ასეთი პატრიარქი?
სერგეი ჩაპნინი (Sergei Chapnin) თანამედროვე ქრისტიანული კულტურის ჟურნალ Дары-ს მთავარი რედაქტორი და თანამედროვე ქრისტიანული ხელოვნების გამოფენების კურატორია. ადრე იგი მოსკოვის საპატრიარქოს ჟურნალის მთავარი რედაქტორი და მოსკოვის საპატრიარქოს გამომცემლობის მთავარი რედაქტორის მოადგილე იყო.