სქიზმა, როგორც არარსებული მდგომარეობა: მოსკოვის საპატრიარქო და მართლმადიდებლობის ახალი ხაზები
ჰეტა ჰარსკაინენი (Heta Hurskainen)

მოსკოვის საპატრიარქომ, მსოფლიო საპატრიარქოს მხრიდან, 2018-2019 წლებში უკრაინის ეკლესიის (OCU) დაარსება და მისთვის ტომოსის ბოძება ვერ მიიღო. მოსკოვის საპატრიარქომ კონსტანტინოპოლთან და OCU-ს მაღიარებელ სხვა ეკლესიებთან ურთიერთობები გაწყვიტა და ახლა კი, მსოფლიო საპატრიარქოს პოზიციის უგულვებელყოფით, მართლმადიდებლობაში კონცილიარიზმის პრინციპზე ცდილობს ხაზგასმას. ამ მოვლენათა ჯაჭვის რგოლი იყო 2022 წლის დასაწყისში, აფრიკაში, რუსეთის საეგზარქოსოს დაფუძნება.
მოსკოვის საპატრიარქომ კონსტანტინოპოლთან კავშირი ჯერ კიდევ 2018 წელს გაწყვიტა, მანამ სანამ ეს უკანასკნელი უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას, 2019 წლის იანვარში ავტოკეფალიის ტომოსს მიანიჭებდა. 2018 წლის ოქტომბრის შემდგომ, მოსკოვის საპატრიარქომ კონსტანტინოპოლი სქიზმატად ჩათვალა, ლიტურგიისას პატრიარქ ბართლომეოსის მოხსენიება აკრძალა და მსოფლიო საპატრიარქოსთან ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა. ამგვარად, მოსკოვის საპატრიარქოსთვის, მსოფლიო მართლმადიდებლობასთან თანამშრომლობისათვის საჭირო ახალი გზების მოძიება არსებითი საკითხი გახდა.
2019 წლის იანვრამდე მოსკოვის საპატრიარქომ ოთხ უძველეს საპატრიარქოს (კონსტანტინოპოლი, ალექსანდრია, ანტიოქია და იერუსალიმი) მიმართა. მოსკოვის საპატრიარქომ, 2019 წლის გაზაფხულიდან, განსაკუთრებული ყურადღება ალექსანდრიის საპატრიარქოს განცხადებებს დაუთმო.
ეს ლოგიკურიცაა, რადგან კონსტანტინოპოლის საპატრიარქო მსოფლიო მართლმადიდებლობის ნაწილად აღარ მიიჩნეოდა, ხოლო მისი პატრიარქი ბართლომეოსი კი მოსკოვის მხრიდან ლიტურგიისას აღარ მოიხსენიებოდა, ამგვარად, მოსკოვის საპატრიარქომ კონსტანტინოპოლის შემდგომ ყველაზე უპირატესი საატრიარქოსთვის მიმართვა გადაწყვიტა. ალექსანდრიის საპატრიარქო, რომელიც თავდაპირველ პენტარქიას (რომი, კონსტანტინოპოლი, ალექსანდრია, ანტიოქია და იერუსალიმი) მიეკუთვნებოდა, კონსტანტინოპოლის შემდგომ ყველაზე დაწინაურებულ საპატრიარქოდ მიიჩნეოდა. კანონთა და სქიზმათა მოსკოვის საპატრიარქოსეულ განმარტებათა მიხედვით, იმჟამად, მხოლოდ ალექსანდრია, ანტიოქია და იერუსალიმი რჩებოდნენ მართლმადიდებლობის წიაღში.
ალექსანდრიის საპატრიარქოსთან მოსკოვის საპატრიარქოს ურთიერთობა 2019 წლის შემოდგომაზე შეიცვალა, როდესაც ალექსანდრიამ კონსტანტინოპოლის პოზიცია გაიზიარა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა. მოსკოვის საპატრიარქომ ეს გადაწყვეტილება იმით გაამართლა, რომ ალექსანდრიის პატრიარქმა კონსტანტინოპოლის მხარე დაიკავა, ხოლო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება კი ალექსანდრიის ეკლესიის წმინდა სინოდთან შეთანხმების გარეშე მოხდა.
კონსტანტინოპოლთან და ალექსანდრიასთან დაკავშირებით მოსკოვის მოქმედებებში განსხვავებების დანახვაა შესაძლებელი. პირველი საპატრიარქო სრულად სქიზმატურადაა მიჩნეული, მეორედან კი მხოლოდ გარკვეული მღვდლები მღვდლები და ეპისკოპოსები. შედეგად, ალექსანდრიის საპატრიარქოში, მოსკოვის აზრით, კვლავ არსებობდნენ მოსკოვის მხარეს მდგომი ადამიანები. მოსკოვმა ლიტურგიაში ალექსანდრიის პატრიარქის მოხსნებიება შეწყვიტა. ეს ნიშნავს, რომ მოსკოვში, ლიტურგიებზე, უძველესი საპატრიარქოებიდან მხოლოდ ანტიოქიასა და იერუსალიმს მოიხსენიებენ. ეს იმასაც ნიშნავდა, რომ მოსკოვის საპატრიარქოს დანარჩენ უძველეს საპატრიარქოებში მოკავშირეები უნდა ეპოვნა, რათა კონცილიარიზმისადმი მზაობაზე ხაზი გაესვა.
იერუსალიმის პატრიაქი თეოფილე III მოსკოვს 2019 წლის ნოემბერში ეწვია. ამ ვიზიტის დროს პატრიარქმა კირილმა იერუსალიმი ყველ ეკლესიის დედა ეკლესიად პირველად მოიხსენია. იერუსალიმის ეკლესიაზე ხაზგასმით მოსკოვის საპატრიარქომ მოსკოვი-სტამბოლის ღერძდან ყურადღება სხვა წერტილზე გადაიტანა. ამ ნაბიჯით მოსკოვმა თანასწორთა შორის პირველობის როგორც საკუთარ, ასევე, კონსტანტინოპოლის პრეტენზიაზე უარი განაცხადა. მოსკოვმა სისტემა შექმნა, რომელიც, ერთი მხრივ, მას საშუალებას აძლევს თქვას, რომ იგი კანონიკურ წესებს იცავს, მეორე მხრივ კი კონსტანტინოპოლისა და ალექსანდრიის პატრიარქების პოზიციები უგულვებელყოს. ამგვარად, მოსკოვი მართლმადიდებლობის ახალ ფორმაში გადავიდა, სადაც თავად მსოფლიო მართლმადიდებლობის ნაწილია, ხოლო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მაღიარებელნი კი სქიზმატები.
მოსკოვის საპატრიარქო 2020 წელს ამანში გამართული შეხვედრით იმედგაცრუებული იყო, რადგან OCU-ს პოზიციის უარმყოფელი ყველა ადგილობრივი ეკლესია მას არ ესწრებოდა. უძველესი საპატრიარქოებიდან მასში მხოლოდ იერუსალიმი (ეკლესია, რომელმაც რუსეთის მხარდაჭერით ეს შეხვედრა მოაწყო) მონაწილეობდა. მოსკოვის საპატრიარქოს არ უთქვამს, რომ იერუსალიმის პატრიარქმა კონსტანტინოპოლის ან ალექსანდრიის პატრიარქები უნდა შეცვალოს და მართლმადიდებლობას უხელმძღვანელოს. თუმცა, მოსკოვი ამტკიცებდა, რომ კონსტანტინოპოლისგან განსხვავებით, იერუსლიმის პატრიარქი ეკლესიის სინოდურობის ხმა იქნებოდა, რომელიც მსოფლიო მართლმადიდებლობაში კრებსითი მოქმედების აღმადგენელი გახდებოდა.
2022 წლის იანვრის ამბებმა ცხადყო, რომ მოსკოვის საპატრიარქოს (მანამ, სანამ მას კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით მოქმედების საშუალება ექნება) სურდა გამოჩენილიყო როგორც სულგრძელი და ალექსანდრიის საპატრიარქოსთან ღია დიალოგის მომხრე (როგორც 2018 წელს კონსტანტინოპოლთან დიალოგის) სუბიექტი. მოსკოვის საპატრიარქომ პროცესებში თავისი ჩარევა იმ მღვდლებისადმი დახმარებით ახსნა, რომლებიც ალექსანდრიის საპატრიაქოში არსებული განხეთქილების მსხვერპლნი აღმოჩნდნენ.
ამ ყოველივეს შემდეგ, მოსკოვის საპატრიარქომ იერუსალიმის საპატრიარქოს სტატუსი შეცვალა და მას მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის პირველი ადგილი მიანიჭა, რითაც რიგ შემთხვევებში კონსტანტინოპოლის პოზიცია დააიგნორა. ამას გარდა, მოსკოვის მიერ ალექსანდრიის საპატრიარქოც უგულვებელყოფილ იქნა, ოღონდ კონსტანტიოპოლთან შედარებით ბევრად უფრო დესტრუქციული სახით, რამდენადაც მოსკოვმა მის საზღვრებში სქიზმა შექმნა. როგორც ჩანს, მოსკოვის საპატრიარქომ თავისი ნაბიჯების გამართლების გზა იპოვნა, რის მიხედვითაც საკუთარ მოქმედებათა სინოდურობასა და კანონიკურობას ამტკიცებს. მისი სტრატეგია უძველესი საპატრიარქოების ჩართულობას მოითხოვს. მოსკოვის მიზანი იზოლირება არაა, ამიტომაც იგი მართლმადიდებლობაში ახალ ხაზებს ავლებს, ხოლო ძველებს კი უგულვებელყოფს.
ჰეტა ჰარსკაინენი (Heta Hurskainen) დასავლური ეკლესიის სისტემური თეოლოგიის პროფესორია აღმოსავლეთ ფინეთში, სადაც ერთ საღვთისმეტყველო სკოლაში, როგორც აღმოსავლური, ასევე, დასავლური თეოლოგია ისწავლება.