კლიმატური კრიზისი და შესაქმეზე ზრუნვა
ქრისტინა ნელისტი (Christina Nellist)

დღეს, ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ადამიანთა უმეტესობას კლიმატის ცვლილების რეალური საფრთხე ესმის. ჩვენ მიერ ბუნების უარყოფითად მოხმარებისა და გამოყენების დონემ უარყოფითად იმოქმედა ატმოსფეროზე, ამინდზე, ოკეანეებზე, გარემოზე და ამ გარემოში მცხოვრებ ცოცხალ ორგანიზმებზე. როგორც იოანე ხრისავგისი შეგვახსენებს: ,,ჩვენ კრიზისისა და მისი შედეგების მომენტში ვიმყოფებით. ბერძნული სიტყვა კრიზისი (κρίσις) პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების გრძნობაზე მიუთითებს, რომლითაც ჩვენ მიერ შექმნილ ან ჩვენ წინაშე არსებულ უნიკალურ და უნივერსალურ პრობლემებს ვუდგებით.“ საღვთო ძღვენის არასწორად და ბოროტად გამოყენება სიცოცხლის ყველა ფორმას (მათ შორის ჩვენსაც) უქმნის საფრთხეს. ,,ეკლესიის მამათათვის ნათელია, რომ რამდენადაც შესაქმე საღვთო ძღვენია, იგი ყოველ ცოცხალ არსებას თანაბრად ეკუთვნის“ (Theokritoff, Climate Crisis and Sustainable Creaturely Care: 356).
რამდენადაც ბავშვები თუ მოხუცები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ამ საკითხების შესახებ გარეთ გამოდიან, საბოლოოდ ვაცნობიერებთ, რომ აღარ შეგვიძლია ორჭოფობა ან აუსრულებელი დაპირებების მიცემა- დროა სასწრაფო და გადამწყვეტი ზომები მივიღოთ. ამ ადამიანების უმეტესობა მორწმუნეები და ჩვენივე საზოგადოების წევრები არიან, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ კიდევ არსებობს უფსკრული სასულიერო პირთა სწავლებებსა და ადგილობრივ/სამრევლო დონეზე ჩართულობას შორის. მართალია, მრავალმა იცის, რომ ,,სურვილებიდან საჭიროებებზე“ უნდა გადავინაცვლოთ (რათა შევამციროთ დედამიწისთვის ჩვენ მიერ დამჩნეული კვალი), ბევრი ასე მაინც არ იქცევა, რადგან სამრევლო დონეზე მცირე დრო ეთმობა ჩვენს იერარქთა სწავლებების მოსმენას ან მსჯელობას მათ თაობაზე. ამიტომ აუცილებელია, რომ ყოველმა ეპარქიამ და მათმა სასულიერო პირებმა, არსებითი წვლილი შეიტანონ ინდივიდუალური ქცევის შეცვლაში, რადგან ცოტა ადამიანი თუ კითხულობს საღვთისმეტყველო ჟურნალებსა და სამიტროპოლიტო ინტერნეტსაიტებს.
მთავარი კითხვა აქ ისაა, თუ რატომაა მრავალი სამრევლო ინერტული ამ კრიტიკულ საკითხთან დაკავშირებით? შესაძლოა იმიტომაც, რომ ისინი საკუთარ თავს არაკომპეტენტურად მიიჩნევენ, რაც გასაკვირი არცაა, რამდენადაც კლიმატის ცვლილების მიზეზები კომპლექსურნი არიან. ახალგაზრდები, რა თქმა უნდა, უფრო მეტად დაინტერესებულნი არიან. როგორც ბოლოდრონდელი კვლევები ცხადყოფენ, ისინი ძალიან შეწუხებულები და აფორიაქებულები არიან მომავალთან დაკავშირებით, რადგან ისინი ინფორმირებულნი არიან უამრავი ადამიანის/ფლორის/ფაუნის სიკვდილის შესახებ და ხედავენ რომ “Hothouse-Earth-ის“ სცენარი შეიძლება რეალობად იქცეს. კვლევებიდან ვიცით, რომ ახალგაზრდები ყველაზე ნაკლებად დადიან ეკლესიაში და შესაძლოა, რომ ეს სიტუაცია მათი ტაძარში უკან დაბრუნების საშუალებას გვაძლევდეს. როგორც ,,ღვთის ხატნი“ და ,,შესაქმის მღვდელნი,“ ვალდებულნი ვართ მათ ტკივილზე დავფიქრდეთ და ნუგეში თუ იმედი შევთავაზოთ. ეს რომ რეალობად იქცეს, ჩვენმა ეპისკოპოსებმა კურთხევა უნდა მისცენ საკუთარ მღვდლებს, რომ მათ ეს სერიოზული საკითხი მოაგვარონ, რომელიც დროთა განმავლობაში საგრძნობლად გაუარესდება. ძალიან მნიშვნელოვანია მღვდლების კარგად ინფორმირებულობა, რათა ამ კრიტიკულ დროს მათ ზემოთხსენებული სამუშაო წარმატებით შეასრულონ. დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ როგორც საერო ქრისტიანები, ასევე, სასულიერო პირები, ,,შესაქმეზე ზრუნვის“ საკითხში უნდა ჩაერთონ (როგორც ინდივიდუალურად, ასევე, ინსტიტუციურად), რამდენადაც როგორც ეკლესიის მამებმა დღემდე გვასწავლეს, ყველაფერი ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთდამოკიდებულია. ეს იყო Halki 111-ის მთავარი თემა, რომ ჩვენ სემინარებზე მხოლოდ ,,შესაქმეზე ზრუნვა“ კი არ უნდა გვესწავლებინა, არამედ, ამ ყოველივეს შესახებ საკუთარი თავები, ჩვენი მოძღვრები და სამრევლოები უნდა მოგვემზადებინა.
2 არსებითად მნიშვნელოვანი ტომის გამოცემა დასაძირკვლდა Halki 111-ზე, ისევე როგორც ეს პატმოსის შეხვედრაზე მოხდა ცოტა მოგვიანებით, სადაც ჩვენი ყურადღება ცხოვრების ქრისტიანულ წესზე იყო გამახვილებული. ეს ნაშრომები, ასევე, პიროვნული მისიიდანაც მომდინარეობენ, რომლის მიზანიცაა ხმის მიწვდენა იმათთვის ვინც ცოტა ან საერთოდ არაფერი არ იციან ჩვენი სარწმუნოების შესახებ. გამოცემის ავტორი დარწმუნებულია, რომ ჩვენს ღვთისმეტყველებას ბოროტებასთან გასამკლავებელი გასაღები უპყრია ხელთ. იმ ბოროტებასთან, რომელიც მრავლადაა ამქვეყნად და როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, თავშესაფარს ამა სოფლის ძლიერთა პოლიტიკურ მიზნებში და კორუმპირებულ ჩინოვნიკთა ინტერესებში პოულობს.
იმისდა მიუხედავად, რომ ამ საკითხზე სხვა მართლმადიდებლებთან საუბარი კარგი და მიზანშეწონილია, ისიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ შესაძლებლობები შევქმნათ, რომლის დახმარებითაც ჩვენი სწავლებანი სხვა ქრისტიანებთან და სარწმუნოებებთან მიაღწევენ, ჩვენ კი სხვათაგანაც განვისწავლებით. ზემოთდასახელებული ორი გამოცემა ამ მიმართულებითაც მუშაობს, მაგრამ მათ გარდა, სხვა საკითხებზეც უსმევს ხაზს:
-ისინი რელიგიის მიღმა არსებულ ხმებსაც აძლევენ სივრცეს, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენ რაიმე გვამცნონ და ჩვენც შეგვიძლია, რომ მათ ინფორმაციები მივაწოდოთ.
-ისინი ყურადღებას ამახვილებენ ეკოლოგიური საკითხის სულიერ განზომილებაზე, რომელიც ხშირად იგნორირებული ან დაკარგულია სამეცნიერო დიალოგში.
ამგვარად, ექვსი კონტინენტის თოთხმეტი ქვეყნის ორმოცზე მეტი მკვლევარი და ექსპერტი ნათლად და ავტორიტეტულად წერს კლიმატური კრიზისის ასპექტებისა და ბუნებაზე ზრუნვის შესახებ, რაც არა მხოლოდ თეოლოგიის დარგითაა შემოსაზღვრული, არამედ ეხება საკანონმდებლო, ეთიკურ, ფილოსოფიურ, სამეცნიერო, სამედიცინო, ბიზნესის, ცხოველთა დაცვის, სარწმუნოებათაშორის და სეკულარულ პერსპექტივებს. მათი კომპეტენციის შესაბამისად, ისინი წერენ იმ იმედით, რომ ჩვენ, როგორც ინდივიდები თუ ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებაში გადაწყვეტილების მიმღებნი, ვუპასუხებთ კლიმატურ კრიზისს უფრო სწრაფად, ვიდრე ამას დღეს ვაკეთებთ. ზოგიერთი განსაკუთრებული გამბედაობით წერს იშვიათად განხილულ ისეთ მოვლენებზე, როგორებიცაა ველური ბუნების შუაგულში არსებულ კორუფცია, სადაც ხდება ვაჭრობაცა და მასთან დაკავშირებული ორგანიზებული დანაშაული, საიდანაც მიღებული მოგება კი ისეთი ამაზრზენი საქმიანობის დასახმარებლად გამოიყენება, როგორებიცაა მონებით ვაჭრობა, ტრეფიკინგი, ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობა (Kamasanyu, Climate Crisis and Sustainable Creaturely Care: 103). ეკატერინე ცალამბუნი და ელენი ანდონოპულო გადმოგვცემენ მოსახლეობის ზრდისა და კლიმატური ცვლილების ურთიერთმიმართების საკითხის, ,,მწვანე“ საღვთისმეტყველო განათლების შექმნისა (იქვე, 329-348) და ,,შესაქმეზე ზრუნვის ქრისტიანული პასუხისმგებლობის კურსის“ შესახებ, რომლებიც განკუთვნილნი იქნებიან სამრევლოებისთვის, ახალგაზრდა ჯგუფებისა და ინდივიდუალური სწავლისათვის (Nellist, Appendix). სხვები წერენ ამაზონის კრიზისის, კლიმატური არასტაბილურობის, გარემოს დაცვის უფლებებისა და სამედიცინო მოუმზადებლობის სამეცნიერო თუ იურიდიულ პერსპექტივებზე. ჩამონათვალი გრძელია, ერთი შეხედვით არაერთგვაროვანი, მაგრამ ურთიერთდაკავშირებული იმ გზით, რომელიც მართლმადიდებლობაში სიყვარულისმიერი თანაზიარებისა და შეწყნარების საშუალებით არსებობს. შედეგი ძლიერი და კოლექტიური ხმაა, რომელიც ცნობს ,,ყოველივეს“ ურთიერთდამოკიდებულებასა და საჭიროებას, რომ ხელისუფლებებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ, ჩვენმა ეკლესიებმა და ცალკეულმა ინდივიდებმა, სასწრაფოდ იმოქმედონ.
დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ:
Climate Crisis and Creation Care: Historical Perspectives, Ecological Integrity and Justice – Cambridge Scholars Publishing
Climate Crisis and Sustainable Creaturely Care: Integrated Theology, Governance and Justice – Cambridge Scholars Publishing
ქრისტინა ნელისტი (Christina Nellist) მართლმადიდებელი თეოლოგია, რომელიც ცხოველთა წამებისა და ადამიანის სოტერიოლოგიის მიმართულებით მუშაობს. იგია ავტორი წიგნისა- Eastern Orthodox Christianity and Animal Suffering: Ancient Voicies in Modern Theology.