ქრისტეს მანდილიონის ხატთან შეხვედრა

0

ვ.კ. მაკარტი (V.K. McCarty)

,,მისი სახის გამოუთქმელი დიდება მადლით იცვლებოდა“

ქრისტეს მანდილიონის ხატის დღესასწაულიდან მოყოლებული (რომელიც რამდენიმე დღის წინ ვიდღესასწაულეთ), მასთან შეხვედრის მოგონებებმა ჩემი ლოცვა განაცოცხლეს და მრავალი წლის წინ, მომლოცველობის ჟამს მასთან შეხვედრა გამახსენეს. მანდილიონის ხელთუქმნელი ხატი ქრისტეს მართლმადიდებლურ გამოსახულებებს შორის ცენტრალურ ადგილს იკავებს, იმის მიუხედავად, რომ მისი წარმომავლობა საიდუმლოთია მოსილი. 787 წლის ნიკეის მსოფლიო კრებამ მასზე ყურადღება გაამახვილა  და წმინდა ხატების დღესასწაულის აღნიშვნა დააწესა. ეს ქრისტეს სწორედ ის ხატია, რომელსაც მართლმადიდებლობის ზეიმის დროს პატივს  მიაგებენ. განსაზღვრება- ,,ხელთუქმნელი“ სახარებისეული კონტექსტიდან მომდინარეობს: ,, ჩვენ გვსმენია მაგის ნათქვამი: დავანგრევ ამ ხელთქმნილ ტაძარს და სამ დღეში ახალს ავაგებ, ხელთუქმნელსო“ (მკ. 14:58). ტერმინი ,,ἀχειροποίητος“ ბერძნულია, ხოლო „Спас нерукотворный“ კი რუსულ ენაში იმ მემკვიდრეობის მატარებელს მიემართება, რომელიც შექმნილია არა უბრალო ხატმწერის, არამედ უშუალოდ უფლის სხეულის ანაბეჭდების მიერ. ისინი ამტკიცებენ, რომ მომდინარეობენ პირველხატიდან და ამდენად ჭეშმარიტი და სათნოა ღვთისადმი.

ქრისტეს მანდილიონის ხატი ეკლესიის განსაკუთრებულ ადგილზე დაასვენეს და ლიტურგიის ჟამს უკმევდნენ. იგი ხშირად მსვლელობებშიც გამოუყენებიათ. იგი ტრადიციულად აღსავლის კარის ან შესასვლელი კარიბჭის თავზეა გამოსახული და სიმბოლურად ქრისტეს მიუწვდომელ მყოფობას გამოხატავს იმ დროს, როდესაც მონანული და მღვდელი ეკლესიაში აღსარების საიდუმლოს აღასრულებენ. ჩემთვის ამ ხატის პირველად ხილვა ემოციური იყო. უწინ მერყევი და მერხევი სიყვარულით აღვივსე. ერთ საღამოს, რუსული პილიგრიმობის ჟამს (როდესაც მწუხრის მსახურება უკვე აღსრულებული გვქონდა), ერთი რუსი მართლმადიდებელი მონაზონი- გალინა შემოგვიერთდა. მართალია ენის ბარიერის გამო ვერ ვკონტაქტობდით, მაგრამ მალე დავმეგობრდით, რამდენადაც ორივე წითურები ვიყავით. მის კვალს მიდევნებულმა ვისწავლე ეკლესიისათვის გარსშემოვლა და ხატებისადმი თაყვანისცემა.

წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძართან, იქ სადაც ბოლოს გავჩერდით, მონაზონმა გალინამ მეტანიების გაკეთება დაიწყო, დაიჩოქა რამდენჯერმე და მომცრო კიბის წინ არსებულ იატაკს აკოცა, შემდეგ საფეხურებზე აცოცდა, რათა ხატისათვის ეამბორა და წმინდანის წინაშე ელოცა. ჩემს ლოყებზე ჩამოღვენთილი ცხელი ცვილით, მეც თაყვანს ვცემდი და ვლოცულობდი თითოეული წმინდანის წინაშე. ამგვარად კი თაყვანისცემა და ამბორი მჭიდროდ დაუკავშირდა წმინდა ხატების ჩემეულ გამოცდილებას.

იქიდან წამოსვლის ჟამს, მონაზონმა გალინამ კიდევ ერთ ხატზე მიგვითითა, რომლისადმიც თაყვანი უნდა გვეცა. ეს ხატი აღსავლის კარის მარჯვენა მხარეს, განცალკევებით მდგომ ანალოგიაზე იყო დასვენებული და ლუსკუმის მსგავსად, მუქი ფარჩით იყო გარშემორტყმული. ხატი ოდნავ იყო მოთავსებული და კარგად არ შემეძლო გამერჩია თუ რომელი წმინდანი იყო მასზე გამოსახული. ერთადეთი გზა მის სახილველად რამდენიმე საფეხურის ასვლა იყო. მას შემდეგ რაც, გალინას უკან მდგომმა მეტანია გავაკეთე და ძირს დავიხარე, ქრისტეს გამოსახულებას მივეახელი.

იმ მომენტში მივხვდი, რომ ჩემი თავი ღია ლუსკუმასთან დაიხარა, ხოლო სწორედ იქ, ჩემგან რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით, ძალიან ცხადად იყო ქრისტე. იგი დაღლილად და ნაგვემად გამოიყურებოდა, მისი თმა კი აჩეჩილი და ოფლიანი იყო. ეს ხატება იმდენად რეალური და ადამიანური იყო, რომ რაღაც მომენტში, ჩემ წინ წვიმიან ამინდში შენობის კართან მყოფი უპოვარი კაცის სუნი ვიგრძენი. მეგონა, რომ სამყაროს მხსნელის ეს სურათი მძაგდა და ამავდროულად მაჰიპნოზებდა კიდეც. ქრისტეს თვალნი გახელილნი იყვნენ, მაგრამ ისინი ტკივილითა და სიყვარულით მინავლებულნი ჩანდნენ. ისინი ჩემს თვალებს კი არა, არამედ დაბლა, ჩემს გულს უცქერდნენ. საოცარი იყო, რომ ამგვარ ტკივილში მყოფ ვიღაცას, ჩემდამი აგრერიგად დაჟინებული ცქერა შეეძლო. ეს იმ საიდუმლო გზის ნაწილად ჩანდა, რომელშიც უფლის დიდება ქრისტეს ვნებაში გამოსჭვივის.

მასზე გარსშემოვლებული ქსოვილიდან ქრისტეს სახე ცოცხლად იმზირებოდა და სუნთქვისშემკვრელი რეალობა კი მის გარშემო ტრიალებდა. ეს გამოცდილება იმდენად მყარი და გამომწვევი იყო, მისადმი რეალური ამბორის შეგრძნება დამიტოვა. ფიქრებმა და გრძნობებმა უპირველესად შემაჟრჟოლეს და უტყუარად განვიცდე საუკუნეთა წინანდელი სარიტუალო მსვლელობის წევრობა, რომელსაც სიწმინდისადმი თაყვანისცემის დროს, თვალწინ გაუევლებს განკაცებული მაცხოვრის რეალური შთაბეჭდილება. ქრისტეს ამ საოცარი გამოსახულების თვალწინ, ლოცვის სიტყვათა გამოთქმა არ შემეძლო. უბალოდ ვიდექი, თავს ვხრიდი და სრულად ვიყავი მოცული ამ მყოფობის წყალობის სიღრმით. ვიდექ რა მუხლმოყრილი, მეჩვენებოდა, რომ ქრისტე ჩემს ზემოთ იდგა. სიკვდილისა და მისი სახის მშვენიერების ჩემს თვლებში გადმოცემით, მან სიკვდილი დამანახა. ეს ქრისტეს სახის მშფოთვარე მშვენიერების უპირველესი აღიარება გახლდათ.

რა თქმა უნდა, მინდა ვიცოდე, რომ ეს არა ხელითქმნილი ხატის, არამედ თავად ჩვენი მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ასლი. ახლაც კი, ამდენი წლის შემდეგ, როგორღაც მაინც ვგრძნობ, რომ ამ ხატში მთელი ჩემი გძნობებით კვლავ ქრისტეს ვუცქერ. როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანები, ვაცნობიერებთ, რომ ლეგენდები ხანდახან მათივე თანადროული სურათების ასახსნელად და დასადასტურებლად იქმნებოდნენ და არა პირიქით. თუმცა, ამის გააზრებამაც კი არ შემიშალა ხელი ავტორიტეტული მოწმობებისა და ტრადიციის საძიებლად, რათა ამეხსნა ის ამოუხსნელი განცდა, რომელიც ამ ხატიდან ქრისტეს მიერ ჩემს ძიებას გულისხმობდა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ეს გამოცდილება უჩვეულო არ გახლდათ და მორწმუნეთა თაობები (შესაძლოა მათ შორის იმპერატორი პეტრე დიდიც) ქრისტეს გარდამქმნელ მშვენიერებასთან ამ ხატით იყვნენ დაკავშირებულნი.  

იმ საღამოსა და მომდევნო დღეების განმავლობაში, მე ამ ხატის შესახებ ვკითხულობდი. ყველა რუსი მართლმადიდებელი (რომელთაც ვესაუბრე) მაშინვე მიხვდა, თუ რომელი ხატის შესახებ ვლაპარაკობდი. ეს გარკვეულწილად შეიძლება იმითაც იყო განპირობებული, რომ ხატი მისი დღეასწაულის მიმდინარეობისას მოვილოცეთ. ჩემი განცდილის მისტიკური ინტენსივობისა არავის უკვირდა, რადგან რომანოვების კუთვნილი ქრისტეს ხატი, შეიძლება ითქვას, რომ არის ერთ-ერთი ყველაზე საპატივსაცემო და ცნობილი სიწმინდე, რაც კი დღევანდელ რუსულ მართლმადიდებლურ სამყაროში არსებობს. იგი იმპერატორ ალექსი I-ისთვის, რუსმა მხატვარმა სიმონ უშაკოვმა (რომელიც მოსკოვის სამხედრო მხატვართა სკოლას მიკუთვნებოდა. 1626-1686) დაწერა, შემდგომში კი პეტრე I-ს ებოძა დედამისისგან. ნათქვამია, რომ იგი პეტრე პირველთან პოლტავას ბრძოლაში, სასიკვდილო სარეცელზე და დაკრძალვის დროსაც კი იყო. რამდენიმე ადამიანმა მითხრა, რომ რომანოვების მანდილიონი სასწაულმოქმედი გახლდათ, რაც ფართოდ იყო აღიარებული. მართლმადიდებლური სარწმუნოების თანახმად, ,,სასწაულმოქმედად ითვლება არა გამოსახულება, არამედ სიწმინდე… წმინდანისგან მომავალი ძალა გამოსახულების საშუალებით სწორედ ისე გადმოეცემა, როგორც ეს წმინდა ნაწილის შემთხვევაში ხდება ხოლმე   (G Mathew, Byzantine Aesthetics. NY, 1963, 98).

რომანოვების მანდილიონის ხატის დღესასწაულზე, მასთან შეხვედრიდან ხუთი წლის შემდეგ, გამიმართლა, რომ კიდევ დავბრუნებულიყავი სანკტ პეტერბურგში და ხატისათვის პატივი კვლავ მიმეგო. ამ დროს იგი ტრადიციულად ფერისცვალების ტაძარშია დასვენებული. აქ იგი საპატიო ადგილს იკავებს კანკელის მარჯვენა მხარეს და კარგადაა განათებული, ხოლო უშუალოდ ხატის დიდი ნაწილი კი მბრწყინავი პერანგითაა დაფარული. იგი ძალიან განსხვავდებოდა ძვირფასი პერანგის გარეშე მყოფი იმ ხატისგან, რომელსაც პირველად შევხვდი და რომელმაც გრძნობისმიერად ქრისტეს სიყვარულისმიერი მსხვერპლშეწირვის სამეფოში მასთან მიმიყვანა. მე კი მართალია კვლავ მსურდა სრული ხატის ხილვა, მაგრამ ამჯერად, ქრისტეს სახისა და თმის გარდა, უკვე ყველაფერი დაფარული იყო. თუმცა ასეთი ძლიერი სინათლის ქვეშაც კი, ხატმა ჩემში მრავალგვარი გრძნობა გამოიწვია, ქრისტეს ახლა ბრილიანტებით შემკული გვირგვინი ედგა თავზე, ხოლო ჩარჩოზე კი ოქროს სერაფიმთა ფრთები იყვნენ მიმაგრებულნი.

მთელი ეს ძვირფასი ქვების ბრწყინვალება მკვეთრად ეწინააღმდეგება ქრისტეს იმ სახეს, რომელსაც ხატის ხილვისას პირველად შევხვდი, რომელიც იყო მოუვლელი კაცი, შეშუპებული სახითა და დამძიმებული ქუთუთოებით. თუმცა, ამ მორთულობის უგულვებელყოფა ქრისტესთან კიდევ ერთხელ შესახვედრად ადვილი იყო. მე კვლავ ვიგრძენი იესოს მყოფობა, რომელიც მოწყალებას ამჟღავნებდა და ამ სამყაროში მოქმედების მოტივაციას მაძლევდა. ეჭვგარეშეა, რომ ხატი საღვთო პასუხის გამტარი ხდება, რადგან მადლი (charis) ხატის აქტიური ელემენტია. ლოსკი განმარტავს, რომ წმინდა ხატებს უნიკალური ენერგია აქვთ, რითაც მათ უხილავის გამოხატვა შეუძლიათ. ამგვარად, ხატი ,,არის მატერიალური ცენტრი, რომელშიც მყოფობს ენერგია, საღვთო ძალა, რომელიც ადამიანურ ხელოვნებასთანაა შერწყმული (Mystical Theology of the Eastern Church, 1976,189). ჩემთვის ეს კვლავ იესო ნაზარეველის შეუდარებელი მიწიერი ხილვა იყო. შეიძლება უხერხულიც იყოს  ქრისტეს არამიმზიდველად წარმოსახვა, მაგალითად როგორც ეს Servant Songs-შია განმარტებული (მაგ. ეს. 52:14); თუმცა ორიგენე აღნიშნავს, რომ ,,მართალია იესო ერთია, მაგრამ სულისმიერი ასპექტით იგი მრავალგვარია და ყველა, ვინც მას უყურებდა, ერთნაირად არ აღიქვამდა“ (Contra Celsum, II.64.).

როდესაც ქრისტეს ხატს ვუცქერ, მასზე გამოსახულ პიროვნებასთან ურთიერთობას ვიწყებ. იგი ჩემთან ერთადაა, როდესაც ვლოცულობ და მას ვუყურებ- ის ღვთაებრივი პიროვნებაა. ის ხატზე იმყოფება და იმ მომენტში, შეიძლება რომ მასთან ვარ. ლოცისას ქრისტე საღვთო წესრიგის სახილველად გვეპატიჟება, ხოლო როდესაც მის თვალებს ვუყურებთ იმასაც ვხედავთ, თუ ყველაფერი როგორ აისახება ღვთის თვალებში. ქრისტეს ხატის წინაშე მედიტაცია წმინდა მოვლენაა, რომელშიც ჩვენ მარადიულ სიცოცხლეს ვჭვრეტთ, რადგან ხატი ღვთის მყოფობაში სიცოცხლისთვის გვამზადებს. მე კვლავ აღფრთოვანებული ვარ რომანოვების მანდილიონთან შეხვედრით, ხოლო ქრისტეს შეგრძნება კი იესოს ტანჯვის მტკივნეულ გრძნობას იწვევს, რომელსაც მისი გამოუთქმელი მშვენიერების გაევლება ახლავს თან. ეს ყველაფერი კი მოწყალე მადლს გვანიჭებს, რომელიც მსახურების გასაგრძელებლადაა აუცილებელი. მე თავს ვარიდებდი ხატს და ამავდროულად ვთვრებოდი კიდეც მისით, რომელიც ჩემს წინაშე, მტანჯველ დუმილში თითქოს მშვიდად სუნთქავდა.

როდესაც ქრისტეს მანდილიონის ხატის წინაშე ვლოცულობ, ტრანსცენდენტულ განზომილებასა და ქრისტესთან გაერთიანებას ვგრძნობ- არა მის რომანტიკულ გამოსახულებასთან, არამედ ცოცხალ მყოფობასთან, რომელმაც ნეტარება განიცადა და ტანჯვით იტანჯა, თავისი სუნთქვა ტანჯვის სიღრმიდან მომიტანა- ესაა თავად ქრისტე, სულის წყარო. ეს ხატი ქრისტესთან ნამდვილად მიგვიყვანს და ამ კუთხით ის წმინდა ტრადიციის, ეკლესიისა და სახარების მსახურია. მანდილიონის ხატისადმი მიძღვნილი მართლმადიდებლური ტროპარში[1] ვკითხულობთ: ,,უხრწნელსა ხატსა შენსა თაყვანის-ვსცემთ, ქველის-მოქმედ, და ვითხოვთ შენდობასა ცოდვათა ჩვენთასა, ქრისტე ღმერთო, განზრახვით სათნო იყავ აღსვლა ხორცითა ჯვარსა ზედა, რათა იხსნნე, რომელნი შექმენ, მონებისაგან მტერისა, ვინაცა მადლობით გიღაღადებთ, სიხარულით აღმავსენ ყოველნი, ვითარცა მაცხოვარმან ჩვენმან, მოსრულმან ცხოვრებად ყოვლისა სოფლისა.“


[1] ქართულენოვანი მკითხველისთვის გადავწყვიტეთ სრულიად შემოგვეთავაზებინა მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ტროპარი: http://www.orthodoxy.ge/lotsvani/troparebi/khatebi.htm (წვდომა საიტზე- 19.10.2021), მთარგმნ. შენიშვნა.


ვ.კ მაკარტი (V.K. McCarty) ინგლისელი თეოლოგია. იგი სასულიერო სემინარიაში ასწავლის, პარალელურად კი აღმოსავლური ქრისტიანობის კვლევით ინსტიტუტთან თანამშრომლობს. მისი წიგნი From They Lips: Voices of Early Christian Women გამომცემლობა Gorgias Press-მა გამოსცა.